|
ტრაგედია 3 წუთში – მექსიკა მუნდიალს ემშვიდობება
2014-06-29 23:02 | ნახვები: 3540
1234
მსოფლიოს ჩემპიონატზე მოზღვავებული ემოციები, დრამატული მატჩები და სიხარულისა თუ ბედნიერების ცრემლები არავის უკვირს. ერთ-ერთი ასეთი დაპირისპირება ფორტალეზაში შედგა, სადაც ლუის ვან გალის დამოძღვრილმა ჰოლანდიელებმა მექსიკელებს თამაში საფინალო სასტვენამდე 3 წუთით ადრე შემოუტრიალეს და მუნდიალს მიღმა დატოვეს.
ამჯერადაც ბრწყინვალე იყო მიგელ ერერას გუნდის კარის დარაჯი გილერმო ოჩოა, რომელმაც თავისი გუნდი რამდენიმე გოლისგან იხსნა, მაგრამ საბოლოო მარცხისგან მაინც ვერ გადაარჩინა. მატჩის საუკეთესო ფეხბურთელადაც სწორედ ოჩოა დასახელდა. მატჩი “ნარინჯისფერთათვის” უსიამოვნოდ დაიწყო – ნაიჯელ დე იონგი დაშავდა და მოედნის იძულებით დატოვება მოუწია. მის ნაცვლად თამაშში ჩაერთო ბრუნო მარტინს ინდი, რომელსაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა. ამგვარად, ვან გალი 2 შეცვლის იმედად დარჩა. პირველ ტაიმში მექსიკელებმა მეტოქეს დოლი არაფერში დაუდეს და შორი დისტანციიდან რამდენჯერმე სახიფათოდაც დაარტყეს. ჰოლანდიელები ფავორიტებად მიიჩნეოდნენ, მაგრამ მატჩის სადავეების ხელში ჩაგდებას ვერაფრით ახერხებდნენ. მიუხედავად ამისა, ევროპელებს პირველი ტაიმის მოგება მაინც შეეძლოთ – არიენ რობენი მექსიკელმა მცველებმა საჯარიმოში აშკარად წააქციეს, მაგრამ მთავარმა არბიტრმა პედრუ პროენსამ სასტვენისგან თავი შეიკავა. ასე იყო თუ ისე, ლათინოამერიკელებმა პირველ ტაიმში უკეთესი შთაბეჭდილება დატოვეს და მეორე ნახევრის დებიუტში ლამაზი და დამსახურებული გოლიც გაიტანეს – 48-ე წუთზე, ჯოვანი დოს სანტოსმა შორი დისტანციიდან გაისროლა და მექსიკელები დააწინაურა. დაახლოებით 20 წუთში, მექსიკა მიხვდა რა, რომ 1/4-ფინალთან ახლოს იყო, დამშვიდდა და ანგარიშის შენარჩუნებაზე დაიწყო ფიქრი. საბოლოოდ, მიგელ ერერას გუნდი ამისთვის დაისაჯა კიდეც. დასკვნით წუთებში, ჰოლანდიის ნაკრებმა მთელი ძალით შეუტია – ვან გალის შეგირდებს დასაკარგი აღარაფერი ჰქონდათ. 74-ე წუთზე, არიენ რობენი მარჯვენა ფრთიდან შეიჭრა მექსიკელთა საჯარიმოში რაფა მარკესი მოხდენილად ჩამოიშორა, მაგრამ ოჩოამ დარტყმული ბურთი მოიგერია. რამდენიმე წუთით ადრე, მექსიკელთა კიპერმა სტეფან დე ვრეის სასწაულებრივად აუღო 5 მეტრიდან დარტყმული ბურთი. მატჩის ძირითადი დროის დასრულებამდე 2 წუთით ადრე, მექსიკელთათვის ტრაგიკული პერიოდი დადგა – ჰოლანდიელთა პლეიმეიკერმა ვესლი სნეიდერმა ყუმბარისებური დარტყმით გაათანაბრა ანგარიში და თავის გუნდს მომდევნო ეტაპის საგზური შეუნარჩუნა. “ნარინჯისფერებმა” ფსიქოლოგიური უპირატესობა მოიპოვეს და კიდევ უფრო აქტიურად შეუტიეს, რასაც არიენ რობენზე დანიშნული პენალტი მოჰყვა. ბურთთან შეცვლაზე შესული კლას-იან ჰუნტელარი მივიდა და მექსიკელთა ოცნებებს ცივი წყალი გადაასხა. 2:1 – ჰოლანდია 1/4-ფინალშია. ფორტალეზა. “კასტელაუ”. 58817 მაყურებელი ჰოლანდია – მექსიკა 2:1 (0:0) ჰოლანდია:სილესენი, ვლარი, დე ვრეი, ბლინდი, ვერჰაგი (დეპაი 56), დე იონგი (ინდი 9), სნეიდერი, ვეინალდუმი, ვან პერსი (ჰუნტელარი 76), რობენი, კიუიტი. მწვრთნელი:ლუის ვან გალი მექსიკა:ოჩოა, როდრიგესი, სალსიდო, მარკესი, ლაიუნი, მორენო (რეიესი 46), გუარდადო, აგილარი, ერერა, დოს სანტოსი (აკინო 61), პერალტა (ჩიჩარიტო 75). მწვრთნელი:მიგელ ერერა გოლები:0:1 დოს სანტოსი (48), 1:1 სნეიდერი (88), 2:1 ჰუნტელარი (90პ.) გაფრთხილებები:აგილარი (69), მარკესი (90), გუარდადო (90) კარში დარტყმა:14 (8) – 12 (7)ჯარიმა:8 - 12კუთხური:10 - 2თამაშგარე:1 - 1ბურთის ფლობა:55% - 45%სეივი:6 – 6 მთავარი არბიტრი:პედრუ პროენსა (პორტუგალია) |
|
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია