|
კოსტა რიკა ჯერ მხოლოდ მეოთხედფინალშია
2014-06-30 03:08 | ნახვები: 3952
123456
კოსტა რიკის ნაკრები ვერ დაიკვეხნის მაღალი დონის საფეხბურთო ტრადიციებით, ან შემსრულებლებით, მაგრამ ამ გუნდს აქვს რაღაც, რაც არ გააჩნიათ მის მოწინააღმდეგეებს და პირველად ამ ქვეყნის ნაკრების ისტორიაში, მათი ეროვნული გუნდი მსოფლიოს რვა საუკეთესოს შორის მოხვდა.
დიახ, ეს გუნდი ვერაფრით სჯობდა საბერძნეთს, მაგრამ ჰოლანდიასთან თამაშის უფლებამდე რამდენიმე წუთი რომ დააკლდა, მერე ძალები მოიკრიბა და დაკარგული თერთმეტმეტრიანების სერიაში აიხდინა. შეცვლაზე შესულმა გეკასმა ნავასს ვერ აჯობა და ბერძნებს მეოთხე დარტყმა გაუცუდდათ, ხოლო უმანია ზუსტი იყო მუნდიალის მთავარი “მოულოდნელობა” ახლა ჰოლანდიას წინაშე წარსდგება. უშუალოდ მატჩს რაც შეეხება, კოსტა რიკა ფეხბურთელების ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე ცდილობდა მომენტის შექმნას და ნაწილობრივ ეს გამოსდიოდა კიდეც. განსაკუთრებით აღნიშვნის ღირსია კემპბელი, რომელიც 21-ე წუთზე კარაგუნისმა ზედ საჯარიმოს ხაზზე წააქცია, არადა, ორიოდე სანტიმეტრი და... მაგრამ მთლიანობაში, ბერძნები უფრო მეტად აკონტროლებდნენ ბურთს და შესვენებამდე ერთადერთი რეალური საგოლე მომენტიც სწორედ მათ ანგარიშზეა: 38 წუთზე მარცხენა ფლანგიდან ხოლებასის ჩაწოდებას სალპინგიდისი გამოეხმაურა, მცველს დაასწრო და ახლოდან ერთი შეხებით მეკარის მოძრაობის საპირისპიროდ ურტყამდა, მაგრამ ნავასმა კუთხის შემცირება მოასწრო და მისი ფეხიდან ბურთი კუთხურზე გავიდა. მეორე ტაიმიც ბერძენთა აქტიურობით დაიწყო და თითქოს ყველაფერი იქით მიდიოდა, ევროპელებს ზეწოლა უნდა გაეძლიერებინათ, მაგრამ 52-ე წუთზე გოლი მათ კარში გავიდა: ცენტრალურმა მცველებმა რუისს საჯარიმოს ხაზის წინ ბურთის მშვიდად დალოდების საშუალება მისცეს და მანაც ერთი შეხებით ბურთი მეკარისგან მარცხენა კუთხეში შეაცურა. 66 წუთზე ბერძნებს შანსი დაუბრუნდათ. დუარტემ უხეში თამაშისთვის მეორე ყვითელი ბარათი მიიღო, ის წითლად იქცა და გუნდი კაცნაკლული დატოვა. კოსტარიკელი მცველები არცთუ იშვიათად სცოდავდნენ, მაინცდამაინც დამაჯერებელი არც ნავასი იყო, თუმცა, მან რამდენჯერმე გუნდი აშკარა გოლისგან კი იხსნა და საქმეს ისეთი პირი უჩანდა, მატჩი დათქმულ ვადაში დასრულდებოდა, მაგრამ მსაჯის მიერ კომპენსირებულ პირველი წუთი მიდიოდა, როდესაც გეკასმა მეტოქის საჯარიმოში მიიღო ბურთი, მოტრიალდა და დაარტყა, ნავასმა მოიგერია, მაგრამ პირდაპირ პაპასტატოპულოსის ფეხზე და ამ უკანასკნელმაც ახლო მანძილიდან თითქმის ცარიელ კარში, ისე, რომ ხელს არავინ უშლიდა, პირველი სანაკრებო გოლი გაიტანა - 1:1. დარჩენილ დროში საბერძნეთს საქმის მომთავრებაც შეეძლო, მაგრამ ამჯერად ნავასმა მათ ამის საშუალება არ მისცა და ბრაზილიაშიც დამატებითი დრო მეორედ დაინიშნა. 30 წუთში მომენტები ორივე გუნდს ჰქონდა, თუმცა, უფრო მწვავედ რა საკვირველია, ბერძნები უტევდნენ და ბოლო წამებზე მიტროღლუს დარტყმულს ნავასი რომ არ გადაღობებოდა, ახლა მეოთხედფინალში პირველად გასვლას ბერძნები იზეიმებდნენ. რეალურად კი, ეს უფლება კოსტა რიკამ მიიღო და ნავასიც უკვე იქცა არა მხოლოდ ამ თამაშის, არამედ საფეხბურთი კოსტა რიკის გმირად. 5 ივლისს მეოთხედფინალში კოსტა რიკა ჰოლანდიას შეხვდება. რესიფი. “პერნამბუკუ”. 41 242 მაყურებელი კოსტა რიკა - საბერძნეთი 1:1 (0:0) (პენალტებით: 5:3) კოსტა რიკა: ნავასი, დიასი, გამბოა (აკოსტა 77), გონსალესი, უმანია, დუარტე, ტეხედა (კუბერო 66), ბორხესი, ბოლანიოსი (ბრენე 83), რუისი, კემპბელი. საბერძნეთი: კარნეზისი, ტოროსიდისი, პაპასტატოპულოსი, მანიატისი (კაცურანისი 78), ხოლებასი, მანოლასი, კარაგუნისი, ხრისტოდოლოპულოსი, სამარისი (მიტროღლუ 58), სალპინგიდისი (გეკასი 69), სამარასი. გოლები: 1:0 რუისი (52), 1:1 პაპასტატოპულოსი (90+1) პენალტების სერია: 1:0 ბორხესი, 1:1 მიტროღლუ, 2:1 რუისი, 2:2 ხრისტოდოლოპულოსი, 3:2 გონსალესი, 3:3 ხოლებასი, 4:3 კემპბელი, 4:3 გეკასი (მეკარე), 5:3 უმანია გაფრთხილებები: დუარტე (42), ტეხედა (48), გრანადო (56), რუისი (70), ნავასი (90) - სამარისი (36), მანოლასი (72) გაძევება: დუარტე (66) კარში დარტყმა: 6 (2) - 22 (12) ჯარიმა: 23 - 15 კუთხური: 3 - 9 თამაშგარე: 0 - 9 ბურთის ფლობა: 43% - 57% სეივი: 11 – 1 |
|
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია