|
რევანშისთვის... ალჟირი იბრძოლებს
2014-06-30 11:24 | ნახვები: 2376
12345
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკისა და ალჟირის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებები აქამდე ერთმანეთს ორჯერ შეხვედრილან და რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს, ორივე პაექრობა ჩრდილოაფრიკელთა მოგებით დასრულდა. განსაკუთრებით რეზონანსული 32 წლის წინათ გამართული პაექრობა გახლდათ - ალჟირმა გერმანიას 1982 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე, ესპანეთში მოუგო, თუმცა, ქვეჯგუფიდან მაინც ვერ გავიდა. ალჟირელთა 61 წლის ბოსნიელი მთავარი მწვრთნელი ვაჰიდ ჰალილჰოჯიჩი 30 ივნისს ჩასატარებელი მერვედფინალის წინ აცხადებს, რომ 32 წლის წინათ აფრიკელები გერმანელებისა და ავსტრიელების გარიგების შედეგად დაიჩაგრნენ. “ის მატჩი ალჟირში ყველას კარგად ახსოვს. შევეცდებით ისტორიული სამართლიანობა 3 ათეული წლის გასვლის შემდეგ აღვადგინოთ. პლეი ოფში გასვლამ ენით აუწერელი სიხარული მოგვანიჭა, მაგრამ მერვედფინალზე მეტი გვწადია და ბოლომდე ვიომებთ. ბოლო წლების განმავლობაში ალჟირმა დიდ პროგრესს მიაღწია და იმედია, ქვეყნის ფეხბურთის ყველაზე მნიშვნელოვან წარმატებას 30 ივნისს პორტუ ალეგრიში დანიშნულ მერვედფინალში მივაღწევთ, რითაც 1982 წელს გერმანელთა დამარცხება მეორე პლანზე გადაიწევს”, - ამბობს “ლილის”, “რენის”, “პარი სენ ჟერმენის”, “ტრაბზონსპორისა” და ზაგრების “დინამოს” ყოფილი დამრიგებელი ჰალილჰოჯიჩი, რომელიც ალჟირელებს სათავეში 2011 წლიდან უდგას. რთული ორთაბრძოლისთვის ემზადება გერმანელთა მთავარი მწვრთნელი იოაჰიმ ლიოვი. “ვერ ვიხსენებ სხვა მუნდიალს, როდესაც ჯგუფური ეტაპიდან ტურნირს ერთბაშად ამდენი ფავორიტი ჩამოშორებოდა. ესპანეთს, იტალიას, ინგლისს, პორტუგალიას ნახევარფინალამდეც შეეძლოთ გასვლა, მაგრამ შინ დაბრუნება უწევთ. ჩვენ თამაშს რაც შეეხება, ცალკეული ჩავარდნის მიუხედავად, კმაყოფილი ვარ. ამასთან, მომატების რეზერვიც გვაქვს. ვფიქრობ, პროგრესს ყოველ მომდევნო შეხვედრაში მივაღწევთ. ალჟირს ძლიერი ნაკრები ჰყავს და მისი გზიდან ჩამოშორება ძალიან გაგვიჭირდება. ამ გუნდის ჯგუფის ასპარეზობები ვნახე, გავაანალიზე და შემიძლია ვთქვა, რომ კომპაქტურად მოთამაშე აგრესიულ მოწინააღმდეგესთან გვექნება საქმე. მეოთხედფინალში გასასვლელად ენერგიეს ბოლომდე დახარჯვა გვმართებს”, - ამბობს ლიოვი. ალჟირელებთან მერვედფინალში გამოირიცხა ლუკაშ პოდოლსკის თამაში. მას კუნთი აქვს დაჭიმული და ლიოვმა რეაბილიტაციის მიზნით 2 დღით წვრთნისგან გაათავისუფლა. მცველი ჯერომ ბოატენგი სავარაუდოდ სასტარტო შემადგენლობაში იქნება, თუმცა, მუხლის დაზიანებამ შესაძლოა გერმანელთა მთავარ მწვრთნელს პირვანდელი გადაწყვეტილება შეაცვლევინოს. 30 ივნისი. 24.00. პორტუ ალეგრი. “ესტადიო ბეირა რიო”. მერვედფინალი გერმანია-ალჟირი სავარაუდო შემადგენლობა გერმანია (4-3-3): ნოიერი, ბოატენგი, მერტესაკერი, ჰუმელსი, ჰიოვედესი, შვაინშტაიგერი, ლამი, კროოსი, იოზილი, მიულერი, გიოტცე. მთავარი მწვრთნელი: იოაჰიმ ლიოვი ალჟირი (4-2-3-1): მ’ბოლი, მესაბი, ბუგერა, ჰალიში, მანდი, ბენტალები, მეჯანი, ჯაბუ, ბრაჰიმი, ფეგული, სლიმანი. მთავარი მწვრთნელი: ვაჰიდ ჰალილჰოჯიჩი მსაჯი: სანდრო რიჩი (ბრაზილია) |
|
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია