|
კოსტა რიკა - მდიდარი და ბედნიერი ნაპირი
2014-06-30 16:34 | ნახვები: 2615
1234567
წარმოიდგინეთ, რა ხდება ერთ პატარა ქვეყანაში, რომელსაც დასავლეთ-აღმოსავლეთიდან, შესაბამისად, წყნარი ოკეანე და კარიბის ზღვა ესაზღვრება, ხოლო ჩრდილოეთ-სამხრეთიდან ნიკარაგუა და პანამა. 4,4-მილიონიანი ქვეყანაა მოსახლეობით, მშვენიერი დასასვენებელი ადგილებით, ჩანჩქერებით, ველური ბუნებითა და ფაუნით ცნობილი. ახლა კი ფეხბურთითაც იციან... სანამ მუნდიალი დაიწყებოდა, გულშემატკივრები ბჭობდნენ, კოსტა-რიკას ინგლისი უფრო დიდი ანგარიშით მოუგებდა, ურუგვაი, თუ იტალია. ვინ იცის, ბურთების შეფარდება ყოფილიყო გადამწყვეტი და ამიტომაც, ამ პატარა ქვეყნის ნაკრებთან დიდი ანგარიშით მოგება კარგი იქნებოდა. ამ ყველაფრის ფონზე, მოვლენები კომიკურად განვითარდა: ხორხე ლუის პინტოს გუნდმა ურუგვაის მეორე ტაიმში ბურთი არ აჩვენა, იტალიასაც მოუგო და ორი ტურის შემდეგ უკვე გასული იყო ჯგუფიდან. ბოლოს, ინგლისთან ფრემ პირველ ადგილზე გაიყვანა და მერვედფინალში საბერძნეთს შეახვედრა. "ლოს ტიკოსის" წარმატება იმდენად მოულოდნელი იყო, რომ იტალიასთან მატჩის შემდეგ, ერთბაშად 7 კოსტარიკელი გაიყვანეს დოპინგ-ტესტზე. ჟოზე მოურინიუმ თქვა, ფიფამ ამ საქციელით გუნდის მიმართ უპატივცემულობა გამოიჩინაო. მძიმე ბრძოლა გადახდათ საბერძნეთთან. სხვათა შორის, 1:0-ისას ავსტრალიელ მსაჯს პენალტის დანიშვნა მართებდა ბერძენთა კარში, მაგრამ ეს არ გააკეთა, სამაგიეროდ, კოსტარიკელი მცველი ოსკარ დუარტე (რომელიც ნიკარაგუელია) არ დაინდო და მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა. საბერძნეთს, როგორც სასწაულად იღბლიან ნაკრებს, მაინც გაუმართლა და 90-ე წუთზე გაათანაბრა ანგარიში. დამატებით დროში კოსტა-რიკა დაცვიდან თამაშობდა, მეკარე კეილორ ნავასი კი კლდესავით იდგა. ნავასის ბრწყინვალე თამაში დიდი სიურპრიზი არ ყოფილა, რადგან ვინც ესპანურ პრიმერას უყურებს, ეცოდინება მისი მაღალი კლასის შესახებ. "ლევანტეს" მეკარე წლეულს მარტის თვეში პრიმერას საუკეთესო ფეხბურთელად (!) დაასახელეს. 5 წლის განმავლობაში პირველად მოხდა, რომ თვის საუკეთესო მოთამაშედ მეკარე აღიარეს. თითქოს აუღებელი იყო გეკასის დარტყმულიც, მაგრამ კეილორ ნავასმა სასწაული რეაქცია გამოავლინა. და კოსტარიკელთა დარტყმები? ბორხესი, რუისი, გონსალესი, კემპბელი, უმანია – ხუთივემ ცივსისხლიანად შეასრულა, უშანსოდ დატოვეს მეკარე. "ჩვენ ფანტასტიკური რამ გავაკეთეთ. კოსტარიკელ ხალხს მივმართავ: ეს გამარჯვება თქვენ გეძღვნებათ. ჩვენთვის დიდი პატივია, რომ დღეს მთელ ქვეყანას ბედნიერება ვაჩუქეთ. მუნდიალზე თამაშს ვაგრძელებთ და გვსურს, რაც შეიძლება შორს წავიდეთ. წინ ჰოლანდიაა, რომელსაც უმაღლესი კლასის ფეხბურთელები ჰყავს" – თქვა კოსტარიკელთა კოლუმბიელმა თავკაცმა ხორხე ლუის პინტომ. პინტოს წლიური ხელფასი 320 000 ევროა, ანუ თვეში 26,6 ევრო. მწვრთნელის რანგში, ის 4 სხვადასხვა ქვეყნის - კოლუმბიის, პერუს, ვენესუელისა და კოსტა-რიკის (3-გზის) ჩემპიონია. "ლოს ტიკოსს" 2004-2005 წლებშიც წვრთნიდა, ხოლო 2007-2008 წლებში კოლუმბიის ნაკრებს თავკაცობდა. კოსტა-რიკამ მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველად 1990 წელს ითამაშა. ჯგუფში ბრაზილიასთან კი წააგო, მაგრამ შოტლანდიასა და შვედეთს სძლია და მერვედფინალში გავიდა, სადაც პირველი ტაიმი 1:1 დაასრულა ჩეხოსლოვაკიასთან, მეორეში კი 3 გოლი გაუშვა და გავარდა. ნაკრებს ცნობილი სერბი ბორა მილუტინოვიჩი წვრთნიდა. და მაინც მაშინდელი წარმატება ახლანდელთან ვერ მოვა – ახლა ხომ "ლოს ტიკოსმა" მსოფლიოს სამ ჩემპიონს გაუსწრო ჯგუფში და მერვედფინალიც გადალახა. ასეც არ იყოს, 1990 წელს ფურორზე როცა ლაპარაკობდნენ, ეს როჟე მილას კამერუნს შეეხებოდა. როგორ განვითარდა ფეხბურთი კოსტა-რიკაში? უპირველესად, მათ ყველა ნაკრები ერთ სათამაშო სისტემაში მოაქციეს – 3-5-2. უკვე 14 წელია, ნაკრებები ამ სისტემით თამაშობენ და არ ღალატობენ. თითოეული ფეხბურთელი, რომელიც ასაკობრივიდან ეროვნულ გუნდში მიდის, შეჩვეულია სქემას. აქედან გამომდინარე არის პინტოს გუნდი ბრწყინვალედ შეთამაშებული. დააკვირდით, როგორ ეპყრობიან ბურთს, როგორ უფრთხილდებიან, მინიმალურად ცდებიან პასის დროს. დააკვირდით, რამდენჯერ იყო კოსტარიკელთა შეტევისას ასეთი მომენტი – ფეხბურთელი პასს აკეთებს, მეორე ატარებს, არ ეხება და მესამეს მისდის ბურთი. შეამჩნევდით, სწორედ ასეთი თამაშით დატოვეს იტალიელები უსაქმოდ, რომლებმაც ბოლო ნახევარი საათის განმავლობაში ერთი ხეირიანი შეტევაც კი ვერ განახორციელეს. კოსტა-რიკა არ არის ძალისმიერი და უხეში გუნდი. პირიქით, საკმაოდ რბილი მანერით თამაშობს. გაბარიტებით მათი შედარება ბერძნებთან არც შეიძლებოდა, მაგრამ როგორც კი ბურთის გათამაშებას იწყებდნენ, მეტოქე უკვე ვეღარ ერკვეოდა სიტუაციებში. 1992 წლიდან, კოსტა რიკაში მრავლად აშენდა ბავშვთა საფეხბურთო სკოლები და ადრე თუ ქვეყნის ასაკობრივი ნაკრებები პირველივე სტადიაზე ვარდებოდნენ, 21-ე საუკუნეში რეგულარულად გადიან 20-წლამდელთა მუნდიალზე, 2011 წელს კი ნახევარფინალამდე მივიდნენ. ფაქტობრივად, თაობა არ ჩავარდნიათ. კოსტა-რიკის 23-კაციან შემადგენლობას რომ გადახედოთ, 1982-დან 1992 წელს დაბადებულებამდე ყველა ასაკში ჰყავთ ფეხბურთელი: 22 წლის, 23 წლის, 24 წლის და ასე შემდეგ 32-მდე. გუნდში ამ მხრივაც ძალიან კარგი სინთეზია. მეკარის გარდა, გამოირჩევიან ფორვარდი კემპბელი, ცენტრალური მცველი დუარტე (ჰოლანდიასთან ძალიან დააკლდებათ), ნახევარდაცვის ლიდერი ბოლანიოსი და კაპიტანი, შემტევი ნახევარმცველი ბრაიან რუისი, რომელმაც იტალიასთანაც გაიტანა და საბერძნეთთანაც. რუისი გუნდის ტვინია. კემპბელი ვახსენეთ და ის ნაკრების ყველაზე პერსპექტიული ფეხბურთელია. ლონდონის "არსენალს" ეკუთვნის და განათხოვრებული იყო "ოლიმპიაკოსში". კემპბელის ძალა ვნახეთ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ მატჩებში, "მანჩესტერ იუნაიტედთან". ერთი საგულისხმო რამ: კოსტა-რიკის არაერთი ფეხბურთელი სკანდინავიურ კლუბში თამაშობს. არიან რუსეთში, ჰოლანდიაში, ბელგიაში... ანუ, ევროპაში თუ მიდიან, უფრო ჩრდილოეთს ეტანებიან. ეტყობა, იქ უფრო ჭრის მათი ტექნიკა და შესაბამისად, უფრო მეტად დაფასებულნიც არიან. თუმცა, 9 ფეხბურთელი ჰყავთ ადგილობრივი კლუბებიდან. კოსტა-რიკა ღარიბი ქვეყანა არაა, აკი ესპანურიდან ასეც ითარგმნება - "მდიდარი ნაპირი". გარდა იმისა, რომ ულამაზესი ადგილებია, პოლიტიკურადაც სტაბილური მდგომარეობაა და ამ მხრივ შედარებაც არაა რამდენიმე მეზობელ ქვეყანასთან. და მაინც, კოსტა რიკის ჩემპიონატი არაა განსაკუთრებული დონის. კლუბებში დიდი ფული არ იდება, თუმცა გვეეჭვება, რომ იქ საქართველოს ჩემპიონატივით არეულ-დარეული სიტუაცია იყოს და სეზონის წინ არ იცოდნენ, რამდენი გუნდი ითამაშებს... ტეგები:
კოსტა რიკა |
|
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია