Geo | Eng | Rus
სარეკლამო ადგილი - 3
570 x 120
გერმანია “მარაკანაზე”, ალჟირი - შინ
2014-07-01 02:35 | ნახვები: 4252
123456
სარეკლამო ადგილი - 10
710 x 106

გერმანიის და ალჟირის საფეხბურთო ნაკრებები ერთმანეთს მესამედ პორტუ ალეგრიში, მუნდიალ2014-ის მერვედფინალში შეხვდნენ და 90 წუთის განმავლობაში ევროპელებმა კვლავ ვერ მოახერხეს ჩრდილოაფრიკელთა დამარცხება. თუკი 1964 და 1982 წლებში ალჟირელებმა იმარჯვეს, ბრაზილიაში “ბუნდესმანშაფტისა” და “უდაბნოს მელიების” დაპირისპირების ძირითადი დრო უგოლოდ დასრულდა. სამაგიეროდ, გერმანელებმა ოვერტაიმში იმარჯვეს, მეოთხედფინალში გავიდნენ და 4 ივლისს რიო დე ჟანეიროს “მარაკანაზე” საფრანგეთს შეხვდებიან.

...ალჟირელთა მთავარმა მწვრთნელმა ვაჰიდ ჰალილჰოჯიჩმა სავარაუდო სასტარტო შემადგენლობა მნიშვნელოვნად შეცვალა და ერთბაშად 5 მცველით (ჰალიში, მანდი, გულამი, ბელკალემი, მოსტეფა) დაიწყო. სავარაუდო თერთმეტეულში ერთი ცვლილება იოაჰიმ ლიოვმაც განახორციელა - მან სასტარტოში თამაში შკოდრან მუსტაფის მიანდო. ერთი შეხედვით “უდაბნოს მელიების” ბოსნიელთა თავკაცმა თავდაცვითი შემადგენლობა დააყენა, თუმცა, საწყისი 20 წუთის განმავლობაში ალჟირელები უფრო მეტს უტევდნენ და სახიფათო მომენტებიც ჰქონდათ. ჩრდილოაფრიკელები ხშირად პრესინგის მარწუხებში ახვევდნენ გერმანელებს, ბურთის დაკარგვის შემთხვევაში ორთაბრძოლებს საკუთარი კარიდან მოშორებით, მოწინააღმდეგის ნახევრიდანვე იწყებდნენ და ალემანთა მწვრთნელი იოაჰიმ ლიოვი, ფეხბურთელები და მათი გულშემატკივრები გვარიანად ანერვიულეს. ალჟირმა გოლიც გაიტანა, მაგრამ გადაცემის მომენტში აფრიკელთა ფორვარდი, მეტოქისთვის სახიფათო მოთამაშე ისლამ სლიმანი გერმანელ მცველებზე ოდნავ წინ იყო, რაც ლაინსმენს არ გამოჰპარვია.

“ბუნდესმანშაფტმა” თამაში თანდათან ააწყო. გერმანელებმა ბურთის ფლობის პროცენტს საგრძნობლად მოუმატეს (საწყის ტაიმში ალემანები ბურთს 68 პროცენტი სათამაშო დროის განმავლობაში აკონტროლებდნენ), კარში დარტყმათა რაოდენობითაც მოწინააღმდეგეს აჯობეს (პირველ ტაიმში ევროპელებმა 4-ჯერ ზუსტად დაარტყეს, აფრიკელებმა ვერცერთხელ), პირველი ტაიმის მიწურულს კი ანგარიშის გახსნის რეალური შესაძლებლობაც ჰქონდათ. ტონი კროოსის დარტყმა ალჟირელთა მეკარემ რაის მ’ბოლიმ მოიგერია, კარიდან ხუთიოდე მეტრში ბურთს მარიო გიოტცე დაეუფლა, მაგრამ მისი მცდელობაც აფრიკელთა კიპერმა გააუვნებელყო.

მეორე ტაიმი პირველის დასასრულის მსგავსად დაიწყო. გერმანელები ბურთს მინდვრის შუაგულში არ აჩერებდნენ, სწრაფ იერიშებს აწარმოებდნენ და კარშიც სახიფათოდ ურტყამდნენ. ალჟირელები მოულოდნელი კონტრშეტევების იმედად იყვნენ და უნდა ითქვას, რომ მანუელ ნოიერი “უსაქმოდ” არ დაუტოვებიათ. გერმანელთა მიერ ბურთის ფლობის პროცენტი 75-ე წუთისთვის 69-ს გაუტოლდა. თანდათან ხელი ჩრდილოაფრიკელებმაც გამოიღეს და ზედიზედ რამდენჯერმე სწრაფად, უნარიანად შეუტიეს. საინტერესო, ამასთან ხისტი თამაში მატჩის ბოლომდე გაგრძელდა.

მეოთხმოცე წუთისთვის ტომას მიულერი ალჟირელ მცველებს დაუსხლტა, მარჯვენა ფლანგიდან მეტოქის საჯარიმოში შეიჭრა, ჩააწოდა, მაგრამ ბასტიან შვაინშტაიგერის თავური არაზუსტი გამოდგა. მალე აფრიკელები სასწაულისამებრ გადაურჩნენ გოლს –გერმანელები ახლო დისტანციიდან მიჯრით ორჯერ ურტყამდნენ, მაგრამ მეკარემ და მცველებმა ხიფათი გააუვნებელყვეს. იქვე მიულერმა ეფექტურად დაამუშავა ბურთი, თუმცა ხუთიოდე მეტრიდან მიზანს ააცილა. მატჩის მიწურულს თავის გამოჩენა კიდევ ერთხელ შეეძლო შვაინშტაიგერს. ბავარიელს მორიგი თავური მცდელობა ჰქონდა, კვლავ უიღბლო. 94 წუთის განმავლობაში გერმანელებმა 17 დარტყმა განახორციელეს, ალჟირელებმა - 6.

ამასობაში მატჩისთვის განკუთვნილი ძირითადი დრო ამოიწურა და ბრაზილიელმა არბიტრმა სანდრო რიკიმ ოვერტაიმი დანიშნა.

დამატებითი დროის დაწყებისთანავე მიულერმა ფლანგიდან კარის სიახლოვეს მეტოქის საჯარიმო მოედნის შუაგულში ჩააწოდა, იქ კი მინდორზე მეორე ტაიმში გამოჩენილმა ანდრე შურლემ ბურთს ალჟირელთა კარში მიუჩინა ადგილი. ამის შემდეგ გერმანელები ზედმეტ გამწვავებას ერიდებოდნენ, ალჟირელებს კი ანგარიშის გასაყაიმებლად ძალა არ ეყოთ. ალემანებს მეტი შანსი ჰქონდათ ანგარიშის გაზრდის, ვიდრე მეტოქეს წონასწორობის აღდგენის და ასეც მოხდა – 120-ე წუთზე გერმანელებმა ისარგებლეს ალჟირელთა დაღლილობით, მორიგი იერიში კი მესუთ იოზილმა პრაქტიკულად მცველების წინააღმდეგობის გარეშე გაიტანა. ბოლო წამებზე აფრიკელებმა პრესტიჟის ბურთი მაინც გაიტანეს - ასევე შეცვლაზე შესულმა ჯაბუმ ივარგა.

გერმანია სავსებით დამსახურებულად გავიდა მეოთხედფინალში, ისე კი იოაჰიმ ლიოვის გუნდს საქმე დამატებით დრომდე არ უნდა მიეყვანა და ყველაფერი ძირითად დროში მოემთავრებინა. “ბუნდესმანშაფტი” ბრაზილიის მუნდიალზე 7 მატჩის ჩატარებას აპირებს, ტურნირის გადამწყვეტ სტადიაზე კი ოვერტაიმის მსვლელობისას დახარჯული ენერგია შესაძლოა გადამწყვეტიც კი აღმოჩნდეს...

მერვედფინალი. პორტუ ალეგრი. “ესტადიო ბეირა რიო”. 43063 მაყურებელი.

გერმანია-ალჟირი 2:1 დ.დ (ძირითადი დრო 0:0)

გერმანია (4-3-3): ნოიერი, ბოატენგი, მერტესაკერი, მუსტაფი (ხედირა, 69), ჰიოვედესი, შვაინშტაიგერი (კრამერი, 110), ლამი, კროოსი, იოზილი, მიულერი, გიოტცე (შურლე, 46).

მთავარი მწვრთნელი: იოაჰიმ ლიოვი

ალჟირი (5-3-2): მ’ბოლი, ჰალიში (ბუგერა, 97), მანდი, გულამი, ბელკალემი, მოსტეფა, ფეგული, ლასენი, ტაიდერი (ბრაჰიმი, 78), სუდანი (ჯაბუ, 100), სლიმანი.

მთავარი მწვრთნელი: ვაჰიდ ჰალილჰოჯიჩი

გოლი: 1:0 შურლე (92). 2:0 იოზილი (120). 2:1 ჯაბუ (120).

ბურთის ფლობა: 68:32. კარში ზუსტი დარტყმა: 13:3. დარტყმა ჩარჩოს მიღმა: 8:6. კუთხური: 10:4. თამაშგარე: 4:4 ჯარიმა: 10:21.

გაფრთხილება: ჰალიში, ლამი

მსაჯი: სანდრო მეირა რიკი (ბრაზილია)


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
ჯგუფი A
თ.ქ.
საფრანგეთი 37
შვეიცარია 35
ალბანეთი 33
რუმინეთი 31
ჯგუფი B
თ.ქ.
უელსი 36
ინგლისი 35
სლოვაკეთი 34
რუსეთი 31
ჯგუფი C
თ.ქ.
გერმანია 37
პოლონეთი 37
ჩრდ.ირლანდია 33
უკრაინა 30
ჯგუფი D
თ.ქ.
ხორვატია 37
ესპანეთი 36
თურქეთი 33
ჩეხეთი 31
ჯგუფი E
თ.ქ.
იტალია 36
ბელგია 36
ირლანდია 34
შვედეთი 31
ჯგუფი F
თ.ქ.
უნგრეთი 35
ისლანდია 35
პორტუგალია 33
ავსტრია 31
სარეკლამო ადგილი - 5
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
0.044192