![]() |
|
ისევ მესის იმედად?
2014-07-01 12:58 | ნახვები: 3170
![]() ![]()
12
ტურნირის დაწყებამდე ერთ-ერთ ფავორიტად მიჩნეულ არგენტინის ნაკრებს, მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალში გასასვლელად კერკეტი შვეიცარიის დამარცხება მართებს, რაც იოლი საქმე არ იქნება. არგენტინელებმა ჯგუფური ეტაპი მაქსიმალური მაჩვენებლით კი გაიარეს, მაგრამ სამივე შეხვედრაში დიდი ბრძოლა გადაიტანეს და სამივე ჯერზე ეს გამარჯვება ლიონელ მესის ანგარიშზეა, რადგან სწორედ მას გაჰქონდა გადამწყვეტი გოლები. დიახ, ამ “მუნდიალზე” ლეო გუნდის ნამდვილი ლიდერია, მაგრამ საკმარისი იქნება კი ერთი კაცის ნიჭი მაშინ, როდესაც თამაში გავარდნაზეა? მთლიანობაში, ბრაზილიაში არგენტინას დამაჯერებელი ფეხბურთი ჯერ არც დაცვაში უჩვენებია და არც შეტევაში და თუ მათ ვერც ამ ჯერზე მოუმატეს, შვეიცარიას შესწევს იმისი უნარი, რომ მეტოქეს დიდი პრობლემები შეუქმნას. ოტმარ ჰიტცფელდის გუნდი ჯგუფში დიდი სხვაობით დამარცხდა საფრანგეთთან და მაშინ მისი დაცვა ცუდად გამოიყურებოდა. სამაგიეროდ, შვეიცარიელებმა ძლიერ მეტოქეს ორი გოლი გაუტანეს, დარჩენილ ორ შეხვედრაში კი, ეკვადორი და ჰონდურასი დაამარცხეს. იმისათვის, რომ 1954 წლის შემდეგ პირველად, შვეიცარიამ მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალის საგზური მოიპოვოს, მას არგენტინასთან ისტორიული გამარჯვება მართებს. აქამდე გუნდებს შორის ექვსი შეხვედრა გაიმართა და სამხრეთამერიკელები არასდროს დამარცხებულან. გარდა ამისა, არგენტინას მსოფლიოს ჩემპიონატების მერვედფინალურ ეტაპებზე სამი წაუგებელი თამაში აქვს და ნებისმიერი სტატისტიკა მის სასარგებლოდ მეტყველებს, მაგრამ ადრე თუ გვიან, ყველა სერია სრულდება. ჰონდურასთან შესრულებული ჰეთ-თრიკის შემდეგ, შვეიცარიელები განსაკუთრებულ იმედებს შერდან შაჩირიზე ამყარებენ. როგორც ჩანს, მას განსაკუთრებული ყურადღება ალეხანდრო საბელიამაც დაუთმო და მისი შეგირდები წინასამატჩი ინტერვიუებში “ბაიერნის” შემტევ ნახევარმცველს ხშირად ახსენებდნენ. შესაძლოა, განსაკუთრებული ყურადღების ფონზე, 22 წლის ფეხბურთელს ამჯერად არაფერი გამოუვიდეს, მაგრამ ეს ხელ-ფეხს გაუხსნის შეტევის ხაზის სხვა მოთამაშეებს. ტურნირის მსვლელობისას საკადრო პრობლემები ორივე გუნდს შეექმნა. მეორე მატჩში სერიოზული ტრავმა მიიღო შვეიცარიის ნაკრების ცენტრალურმა მცველმა სტივ ფონ ბერგენმა, საბელიას კი, თავდამსხმელ სერხიო აგუეროს იმედი ვეღარ ექნება. ამ უკანასკნელს სავარაუდოდ ესეკიელ ლავესი შეცვლის. შვეიცარიელთაგან ტურნირს ნაადრევად გამოეთიშა ფორვარდი მარიო გავრანოვიჩიც, მაგრამ მას ჯანმრთელსაც არ უწევდა ბრაზილიის მოედნებზე გასვლა. ალეხანდრო საბელია (არგენტინის ნაკრების მთავარი მწვრთნელი): “ვიცით, რომ კონცენტრაცია და ბალანსი უნდა შევინარჩუნოთ. ჯგუფურ ეტაპზე წარუმატებელი მატჩის შემდეგ სიტუაციის გამოსწორება შეიძლებოდა, ტურნირის ამ ეტაპზე კი, შეცდომის დაშვების უფლება აღარ გვაქვს”. ოტმარ ჰიტცფელდი (შვეიცარიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი): “შვეიცარია არგენტინასთან აუტსაიდერია, მაგრამ დასაკარგი არაფერი გვაქვს, მიღწევა კი, მართლაც შეგვიძლია. მესის პერსონალურ მცველს არ მიუჩენთ. ჩვენ ყველა პოზიციაზე თანაბარად ძლიერად უნდა ვითამაშოთ და შეცდომები არ დავუშვათ. სწორედ ასე შეიძლება მესის შეჩერება”. ხავიერ მასკერანო (არგენტინის ნაკრების ნახევარმცველი): “ინგლისი, იტალია, ესპანეთი, პორტუგალია - ეს იმ გუნდების ჩამონათვალია, რომლებსაც თავისუფლად შეეძლოთ მსოფლიოს ჩემპიონატის მოგება, მაგრამ ტურნირს უკვე დაემშვიდობნენ. უმთავრესია, ჩვენს თამაშზე ვიფიქროთ”. დიეგო ბენალიო (შვეიცარიის ნაკრების მეკარე): “ვფიქრობ, ბრაზილიელი გულშემატკივრის იმედი უნდა გვქონდეს. აქ ყველა ნაბიჯზე იგრძნობა ბრაზილიისა და არგენტინის დაპირისპირება”. არგენტინა (სავარაუდო შემადგენლობა): რომერო, საბალეტა, გარაი, ფერნანდესი, როხო, გაგო, მასკერანო, დი მარია, მესი, ლავესი, იგუაინი. შვეიცარია (სავარაუდო შემადგენლობა): ბენალიო, ლიხტშტაინერი, შერი, ჯურუ, როდრიგესი, ბერამი, ინლერი, ჯაკა, შაჩირი, მეჰმედი, დრმიჩი. |
![]() |
|
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია