![]() |
|
ბელგია ვერც სუპერჰოვარდმა გააჩერა
2014-07-02 03:12 | ნახვები: 4849
![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]()
12345678910
მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატის, ალბათ, ყველაზე სანახაობრივი და დრამატული დაპირისპირება მერვედფინალური ეტაპის დასკვნით თამაშში ვიხილეთ. ბელგიის ეროვნულმა გუნდმა ამერიკელთა დიდებულად მოასპარეზე გოლკიპერი ტიმ ჰოვარდი (იგი შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს) მხოლოდ დამატებით დროშიღა “გატეხა” და 2:1 იმარჯვა. ჰოვარდი რომ შესანიშნავი გოლკიპერია, აქამდეც ვიცოდით, თუმცა, სალვადორის “არენა ფონტე ნოვაზე” გამართულ შეხვედრაში საერთოდაც სასწაულები აკეთა. მარკ ვილმოტსის ძალიან მძლავრად მოთამაშე გუნდმა მისი კარის მიმართულებით 38-ჯერ (!) დაარტყა, საიდანაც ზუსტი 27 (!) გახლდათ და როგორც წესი, ყველაფერი ამერიკელთა კარის დარაჯის “სეივებით” სრულდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ევროპელები მოწინააღმდეგეს ბურთის ფლობაში ჩამორჩნენ, მათ 19 კუთხურის მოწოდებაც მოახერხეს და ანგარიში რომ ძირითად დროში არ გაიხსნა, მცირედი უიღბლობის გარდა, აშშ-ს ნაკრების მეკარეს უნდა დააბრალონ. მხოლოდ ბელგიელთა ახალგაზრდა ფორვარდ ორიჟის გოლის გატანა სამ-ოთხ მომენტში მართებდა, კარგი ეპიზოდები შეექმნათ აზარს და დე ბრუინესაც, თუმცა, ბელგიელებს ძირითად დროში გატანა არ ეწერათ, ხოლო მთელი მათი შრომა წყალში გადაყრილი აღმოჩნდებოდა, ამერიკელთა თავდამსხმელ ვონდოლოვსკის რომ ევარგა. ეს უკანასკნელი შეცვლაზე გამოჩნდა და უკვე მსაჯის მიერ დამატებულ დროში ახლო მანძილიდან ურტყამდა, თუმცა, კარს გადააცილა. სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ბელგიელები წაგებას ნამდვილად არ იმსახურებდნენ, ამდენად ვონდოლოვსკის გოლი საცოდაობა იქნებოდა... მატჩის ძირითად დროს ხომ სანახაობა არ აკლდა და ოვერტაიმი კიდევ უფრო დრამატული გამოდგა. შეცვლაზე შესული ლუკაკუს მეთაურობით, ბელგიელები გადამწყვეტ შტურმზე გადავიდნენ და პირველივე თხუთმეტწუთეულში ორ გოლს გამორჩნენ. ჯერ ლუკაკუმ დასარტყმელ პოზიციაზე დე ბრუინე დატოვა და ამანაც ოსტატურად იმოქმედა, შემდეგ კი თავად რომელუმ “გაისროლა” და თითქოს ინტრიგაც მოკლა. სამაგიეროდ, ასე არ ფიქრობდა იურგენ კლინსმანის მიერ “დაქოქილი” აშშ-ს ეროვნული გუნდი, რომელსაც მე-2 დამატებულ ტაიმში დაღლილობაც გადაავიწყდა და მანამდე ძალიან დამაჯერებლად მოთამაშე ევროპელები საკუთარ კარს მიაჯაჭვა. ბელგიელებს განსაკუთრებით მას შემდეგ გაუჭირდათ, რაც შეცვლაზე გამოჩენილმა 19 წლის გრინმა მოხდენილი დარტყმით ჩამორჩენა შეამცირა. აღნიშნულის შემდეგ, ჯონსს და დემპსის ლამის ასპროცენტიანი მომენტები შეექმნათ და საერთოდაც, ბელგიელთა კარის დარაჯი კურტუა მუდმივ დაძაბულობაში იყო, თუმცა, ევროპულმა გუნდმა სასურველი ანგარიშის შენარჩუნება მოახერა. საფინალო სასტვენმა ვილმოტსის ნაკრებს ძალიან სახიფათო კონტრიერიშის დროს მოუსწრო (სამნი ერთზე გადიოდნენ), მაგრამ ცხადია, მათ ამის გამო აღარ უღელვიათ. ამგვარად, მუნდიალზე ბოლო მერვედფინალიც დაკომპლექტდა და ცნობილი გახდა, რომ 5 ივლისს არგენტინელთა მეტოქე ბელგიის ძალიან სიმპათიური ნაკრები იქნება. მატჩი “ესტადიო ნასიონალ დე ბრაზილიაზე” შედგება და თუკი გუნდების პოტენციალს გავითვალისწინებთ, გულშემატკივარი მორიგი სანახაობრივი შერკინების მოლოდინში უნდა იყოს. სალვადორი. “არენა ფონტე ნოვა”. 51227 მაყურებელი ბელგია – აშშ 2:1 დ.დ. (0:0) ბელგია: კურტუა, ვან ბუიტენი, კომპანი, ვერტონგენი, ალდერვეირელდი, ვიტსელი, ფელაინი, მერტენსი (მირალაში, 60), აზარი (ჩადლი, 111), დე ბრუინე, ორიჟი (ლუკაკუ, 91). მწვრთნელი: მარკ ვილმოტსი. აშშ: ჰოვარდი, ბესლერი, ჯონსონი (იედლინი, 32), გონსალესი, ბისლი, ბრედლი, ზუსი (ვონდოლოვსკი, 72), ბედოია (გრინი, 105), კამერონი, ჯონსი, დემპსი. მწვრთნელი: იურგენ კლინსმანი. გოლები: დე ბრუინე (93), ლუკაკუ (105), გრინი (107). გაფრთხილება: კამერონი (18), კომპანი (42). მსაჯი: ჯამელ ჰაიმუდი (ალჟირი).
ბურთის ფლობა: 47%-53%; კარში დარტყმა: 38 (27)-15 (9); კუთხური: 19-4; ჯარიმა: 27-11; თამაშგარე: 2-0; სეივი: 4-16. |
![]() |
|
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია