|
ისტორია მეორდება
2014-07-04 23:46 | ნახვები: 6246
1234567891011121314
მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში აქამდე საფრანგეთი და გერმანია ერთმანეთს ორჯერ შეხვედრიან. 1982 წლის ესპანეთისა და 1986 წლის მექსიკის მუნდიალებზე მათი გზები ნახევარფინალში გადაიკვეთა. ორჯერვე ფრანგების საუცხოო გუნდი, რომელსაც მიშელ პლატინი ლიდერობდა, ბუნდესნაკრებთან დამარცხდა, სადაც კარლ-ჰაინც რუმენიგე იყო “პირველი ხმა”. რა თქმა უნდა, “სამფეროვნებს” ნავსის გატეხვა სურდათ, ხოლო გერმანელებს თავისთვის სასურველი ტრადიციის გაგრძელება. ისტორია გამეორდა და საფრანგეთის ნაკრებმა მეტოქეს ვერც ამჯერად აჯობა. განვლილი მატჩი წინა ორ დაპირისპირებასთან შედარებით ნაკლებად სანახაობრივი აღმონჩდა. ეს გასაგებიცაა, სად ის შემსრულებლები, რომლებიც მაშინ ორივე გუნდს ჰყავდა და სად ამჟამინდელი. გერმანელებმა ამოცანა მინიმუმი შეასრულეს და ნახევარფინალში ზედიზედ მეოთხედ გავიდნენ. თამაში ფრანგებმა უფრო ცოცხლად დაიწყეს და მე-7 წუთზე, მეტოქის საჯარიმოში მარცხნივ აღმოჩენილმა მატიე ვალბუენამ ძალიან კარგი პასი მისცა ქარიმ ბენზემას, რომელმაც ერთი შეხებით დაარტყა და მიზანს ააცილა. მე-11 წუთზე, იმავე ფლანგიდან ანტოინ გრიზმანმა მეტოქის საჯარიმოში გადაცემა ბენზემას გაუკეთა და ხიფათი მათს ჰუმელსმა გაანეიტრალა. მე-13 წუთზე, საჯარიმო დარტყმის შესრულებისას, მარცხენა ფრთიდან ტონი კროოსმა ბურთი ფრანგების კართან ჩააწოდა, სადაც ჰუმელსმა ძალისმიერ ორთაბრძოლაში რაფაელ ვარანს აჯობა და თავით მეტად ლამაზი გოლი გაიტანა – 0:1. აქვე გეტყვით, რომ ჰუმელსი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. 24-ე წუთზე, გერმანელთა რამდენიმესვლიანი კომბინაციის მერე, ფილიპ ლამმა ბურთი ფრანგების საჯარიმოში “გახსნილი” მიროსლავ კლოზეს მიმართ გაგზავნა, რომელიც მატიე დებუშისთან ორთაბრძოლაში წაიქცა და პენალტს ითხოვდა, მაგრამ არგენტინელმა არბიტრმა ნესტორ პიტანამ თამაშის წესის დარღვევა არ დააფიქსირა. 30-ე წუთზე, მარჯვნიდან მესუტ იოზილმა საჯარიმო დარტყმა შეასრულა და შეტევაში ჩართულმა ბენედიქტ ჰიოვედესმა ნახტომში ქუსლით დაარტყა, მაგრამ ბურთი ფრანგი მცველის ფეხიდან კუთხურზე გადავიდა. 34-ე წუთზე, მარცხენა მახვილი კუთხიდან ვალბუენამ დაარტყა და ნოიერმა ბურთი მოიგერია, ხოლო ბენზემას დამატებულს ჰუმელსი გადაეღობა – კუთხური დაინიშნა. “სტანდარტული” ვალბუენამ შეასრულა და ბენზემას დარტყმის შემდეგ, ბურთი გერმანელმა მცველმა ისევ კუთხურზე გადააგდო. ამჯერად, ვალბუენამ მარჯნიდან ჩააწოდა და მამადუ სახოს თავურმა მიზანს ვერ უწია. 35-ე წუთზე პოლ პოგბა ორიგინალური ფინტით კროოსს გაცდა და ამან ტრიბუნაზე შეკრებილი ქომაგების აღფრთოვანება გამოიწვია. საინტერესო ფაქტი მოხდა 37-ე წუთზე - ვიდრე სამი ხედირას მკურნალობდნენ, ტრიბუნაზე კოლუმბიის მცირერიცხოვანი ქომაგები ახმაურდნენ და მაშინვე პასუხად მასპინძლებისგან: “ბრაზილ, ბრაზილ” მიიღეს. 42-ე წუთზე, მარცხნიდან პატრის ევრამ გერმანელთა საჯარიმოში მყოფი ბენზემა მოძებნა, რომელმაც თავით დაარტყა და ბურთს ჰუმელსი გადაეღობა. 44-ე წუთზე, ფრანგების კონტრშეტევა პოგბამ წამოიწყო და მარცხენა ფლანგზე ბენზემა დროულად შენიშნა, ხოლო ეს უკანასკნელი ერთ გერმანელს გაცდა და საჯარიმოში შესულმა დაარტყა – ნოიერი ბურთს უპრობლემოდ დაეუფლა. მეორე ტაიმში, 52-ე წუთზე, მარჯვნიდან დებუშიმ გერმანელთა საჯარიმოში ჩააწოდა, მაგრამ კარგ პოზიციაში მყოფი გრიზმანი ბურთს ვერ მიწვდა. ცოტა ხანში, იმავე გრიზმანი მოედნის ცენტრში ხედირამ ხელით დაიჭირა და ყვითელი ბარათი მიიღო. მალევე, კროოსმა საჯარიმოს მისადგომებიდან არაზუსტად დაარტყა. მე-60 მარცხენა ფლანგზე ვალბუენამ და ბლეზ მატუიდიმ კომბინაცია გაითამაშეს, ეს უკანასკნელი გერმანელთა საჯარიმოში შევიდა, მაგრამ მის მიერ ჩაწოდებული ბურთი ბასტიან შვაინშტაიგერმა ჩაჭრა და კუთხური დაინიშნა. ფრანგებმა “სტანდარტული” ცუდად შეასრულეს, თუმცა შეტევა გაგრძელდა მარჯვნიდან იოან კაბაიეს პასის მერე ვარანმა თავით დაარტყა – ნოიერმა ბურთი დაიჭირა. 69-ე წუთზე ფრანგებმა თავის ნახევარზე ბურთი დაკარგეს და კროოსმა უმალ მეტოქის საჯარიმოს სიახლოვეს დგომი მიულერი მოძებნა, რომელმაც სახიფათოდ თუმცა არაზუსტად დაარტყა. ამ ეპიზოდიდან ერთ წუთში ანდრე შიურლე ფრანგების საჯარიმოში კარგ პოზიციაზე აღმოჩნდა და დაარტყა, მაგრამ უგო ლიორისმა ბურთი ხელებში შეიმაგრა. 76-ე წუთზე, მარჯვნიდან ლიუკ რემის პასის შემდეგ, ბენზემამ გერმანელების საჯარიმოში ბურთი მიიღო, ლამს გვერდი აუარა, მაგრამ მის დარტყმულს წინ ჰუმელსი აღუდგა. მცირე ხანში, მარჯვნიდან ისევ რემიმ ჩააწოდა, ლამს ბურთი გადაცდა და მატიუდის მიუვიდა, რომელმაც მარცხენა მახვილი კუთხიდან დაარტყა და ნოიერმა ივარგა. 82-ე წუთზე, გერმანელების კონტრშეტევის დროს, იოზილმა მარცხენა ფლანგიდან ფრანგების საჯარიმოში მარტო მდგომი შიურლე მოძებნა, რომელმაც ერთი შეხებით დაარტყა და “სამფეროვნები” გოლის გაშვებისგან ლიორისმა გადაარჩინა – ბურთი ფეხით მოიგერია. 87-ე წუთზე, მიულერმა მარჯვენა ფრთაზე ბურთი ევრას აართვა, მოწინააღმდეგის საჯარიმომდე ირბინა და პასი შიურლეს მისცა, რომლის დარტყმული თავის თავზე ვარანმა მიიღო. თამაშის ბოლო წუთზე, ბენზემამ ოლივიე ჟირუსთან გერმანელების საჯარიმოში “კედელი” გაითამაშა და მარცხენა მახვილი კუთხიდან დაარტყა, მაგრამ ნოიერმა არ გაატანინა. მატჩს ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი ზიკო დაესწრო, რომლის ძეგლიც “მარაკანაზე” დგას. ის ვიპლოჟაში იჯდა და მსურველებთან სამახსოვრო ფოტოებს სიამოვნებით იღებდა. ერთ-ერთი ფრანგული არხისთვის თამაში კვლავ არსენ ვენგერმა და ბიქსენტ ლიზარაზუმ წაიყვანეს, რომლებიც შედეგით კმაყოფილი ნამდვილად ვერ იქნებოდნენ... საფრანგეთი – გერმანია 0:1 0:1) 4 ივლისი. რიო დე ჟანეირო. სტადიონი “მარაკანა”. 74240 მაყურებელი. საფრანგეთი: ლორისი (კ), დებუში, ევრა, ვარანი, სახო (კოსელნი, 72), კაბაიე (რემი, 73), ვალბუენა (ჟირუ, 85), ბენზემა, გრიზმანი, მატუიდი, პოგბა. მთავარი მწვრთნელი: დიდიე დეშამი გერმანია: ნოიერი, ჰიოვედესი, ჰუმელსი, ხედირა, შვაინშტაიგერი, იოზილი (გიოტცე, 83), კლოზე (შიურლე, 69), მიულერი, ლამი (კ), კროოსი (კრამერი, 90+2), ბოატენგი. მთავარი მწვრთნელი: იოახიმ ლიოვი. გოლები:0:1 ჰუმელსი (13), გაფრთხილება:ხედირა (54), შვაინშტაიგერი (80) მთავარი მსაჯი:ნესტორ პიტანა (არგენტინა). ლაშა თაბაგარი worldsport.ge-ის სპეციალური კორესპონდენტი რიო დე ჟანეიროდან |
|
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია