|
მოქანცული არგენტინელები და ბელგიელები ოთხეულისთვის იბრძოლებენ
2014-07-05 12:21 | ნახვები: 2886
12345
მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატი დასკვნით ფაზაშია შესული. სულ მალე, მსოფლიოს საუკეთესო 4 ნაკრების ვინაობა გახდება ცნობილი. 1/2-ფინალის საგზურისთვის, არგენტინისა და ბელგიის ეროვნული ნაკრებები იბრძოლებენ. შეიძლება ითქვას, რომ მიმდინარე ტურნირის ამ ეტაპამდე, არგენტინელებსა და ბელგიელებს ერთმანეთზე ძლიერი მეტოქეები არ ჰყოლიათ. ამგვარად, ორივე გუნდისთვის ყველაზე დიდი გამოცდა 1/4-ფინალი იქნება. სამხრეთამერიკელებიც და ბელგიელებიც 1/4-ფინალამდე თითქმის ერთნაირად მივიდნენ. ჯგუფური ეტაპი ორივე ნაკრებმა ქულათა მაქსიმალური რაოდენობით დაასრულა. 1/8-ფინალში, ორივეს გაუჭირდა – მატჩები დამატებით დროში გადაიზარდა, მაგრამ საქმე პენალტებამდე არ მისულა. არგენტინელებმა შვეიცარიის ნაკრები ანხელ დი მარიას გოლით გატეხეს. ბელგიელთა მეტოქე გახლდათ აშშ-ს ნაკრები, რომელთა მეკარე ტიმ ჰოვარდმაც ევროპელები გააწამა, მაგრამ საბოლოოდ, ორი ბურთი მაინც გაუშვა. საპასუხოდ, ამერიკელებმა მხოლოდ ერთი გოლი გაქვითეს და ტურნირს დაემშვიდობნენ. სულ რაღაც 3-4 დღის წინ, არგენტინისა და ბელგიის ნაკრებებმა 120-წუთიანი მატჩები ჩაატარეს და ბუნებრივია, საუბარი დაღლილობაზეც შეიძლება. ასეა თუ ისე, გუნდები მეტ-ნაკლებად თანაბარ პირობებში არიან და დიდი ბრძოლაა მოსალოდნელი. არგენტინისა და ბელგიის ნაკრებები ერთმანეთს 2-ჯერ შეხვედრილან – ორივეჯერ მსოფლიოს ჩემპიონატებზე. 1982 წელს, ევროპელებმა სამხრეთამერიკელებს მინიმალური ანგარიშით სძლიეს. არგენტინელთა რევანში 4 წლის შემდეგ შედგა – მექსიკური მუნდიალის 1/2-ფინალში, “ალბისელესტემ” ბელგიის ნაკრებს დიეგო მარადონას დუბლით 2:0 სძლია. ისევ არგენტინა, ისევ ბელგია და ისევ მსოფლიოს ჩემპიონატი – ამჯერად, 2014 წელს, ბრაზილიაში. არგენტინელთათვის დიდი დანაკლისია მარკოს როხოს დისკვალიფიკაცია. გარდა ამისა, კვლავ საეჭვოა სერხიო აგუეროს თამაში. ბელგიელებს ტრავმის გამო ორი მცველი – ტომას ვერმალენი და ანტონი ვანდენ ბორი აკლიათ. არგენტინისა და ბელგიის დაპირისპირება შაბათს, 20:00-ზე დაიწყება. 5 ივლისი. ბრაზილია. “მანე გარიჩნა”. არგენტინა – ბელგია სავარაუდო შემადგენლობები: არგენტინა: რომერო, ბასანტა, ფერნანდესი, გარაი, საბალეტა, მასკერანო, გაგო, დი მარია, ლავესი, მესი, იგუაინი. მწვრთნელი: ალეხანდრო საბელია ბელგია: კურტუა, ალდერვეირელდი, ვან ბუიტენი, კომპანი, ვერტონგენი, დემბელე, ვიტცელი, მირალასი, დე ბრუინი, აზარი, ორიჯი. მწვრთნელი: მარკ ვილმოტსი
|
|
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია