|
სადამდე წავა კოსტა რიკა?
2014-07-05 12:51 | ნახვები: 2991
1234
ეს კითხვა მართლაც აქტუალურია... უდავოა, კოსტა რიკის ეროვნული ნაკრები მსოფლიოს 2014 წლის აღმოჩენაა და ჯერჯერობით, წინსვლას აგრძელებს. ხორხე ლუის პინტოს გუნდს სამმა მსოფლიოს ჩემპიონმა და ერთმა ევროპის ჩემპიონმა ვერაფერი დააკლო, მაგრამ ჰოლანდიის ნაკრებთან მატჩში, სამხრეთამერიკელებს მართლაც ძალიან გაუჭირდებათ. “ნარინჯისფერები” ბრწყინვალე ფორმაში არიან, მიუხედავად იმისა, რომ მექსიკის ნაკრებთან 1/8-ფინალურ მატჩში, თავიანთი გულშემატკივრები გვარიანად ანერვიულეს. მოგეხსენებათ, ჰოლანდიელები ლათინოამერიკელებთან მარცხდებოდნენ, მაგრამ უესლი სნეიდერისა და კლას-იან ჰუნტელარის გოლებით, გამარჯვება მატჩის დასკვნით 3 წუთში მოიპოვეს. ასეა თუ ისე, ლუის ვან გალის გუნდი მიმდინარე მუნდიალზე უდანაკარგოდ ასპარეზობს და 1/2-ფინალში გასვლის კარგი შანსიც აქვს. აღსანიშნავია, რომ ჰოლანდიისა და კოსტა რიკის ნაკრებები ერთმანეთისთვის უცხო მეტოქეები არიან – მათი გზა არცერთ ტურნირზე გადაკვეთილა და არც ამხანაგური მატჩი ჩაუტარებიათ. ამგვარად, ურთიერთშეხვედრების ისტორია სალვადორში, “არენა ფონტე ნოვაზე” დაიწყება. სამწუხაროდ, დანაკლისი ორივე გუნდის ბანაკშია. ტრავმის გამო, ჰოლანდიელები ნახევარმცველ ნაიჯელ დე იონგს მოისაკლისებენ. საეჭვოა შუახაზელი ლეროი ფერის თამაშიც. კოსტა რიკელებს ტრავმირებული არავინ ჰყავთ, მაგრამ მცველ ოსკარ დუარტე გაიტანს დისკვალიფიკაცია აქვს და მოედანზე გასვლას ვერ შეძლებს. ცნობისათვის, ჰოლანდიისა და კოსტა რიკის ნაკრებთა დაპირისპირება ჩვენი დროით 23:50-ზე დაიწყება. 5 ივლისი. სალვადორი. “არენა ფონტე ნოვა”. ჰოლანდია – კოსტა რიკა სავარაუდო შემადგენლობები: ჰოლანდია: სილესენი, ინდი, ვლარი, ვრაი, კუიტი, ბლინდი, ვაინალდუმი, იანმაატი, სნეიდერი, რობენი, ვან პერსი. მწვრთნელი: ლუის ვან გალი კოსტა რიკა: ნავასი, გამბოა, უმანია, გონსალესი, აკოსტა, დიასი, ბორხესი, ტეხედა, ბოლანიოსი, რუისი, კემპბელი. მწვრთნელი: ხორხე ლუის პინტო
|
|
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია