ბრაზილიის ნაკრების თავდამსხმელი ჰალკი აცხადებს, რომ ბრაზილიელებმა მსოფლიოს ჩემპიონატი ტრავმირებული თანაგუნდელის, ნეიმარის გამო უნდა მოიგონ.
მსოფლიოს ჩემპიონატის 1/4-ფინალში, კოლუმბიასთან გამართული მატჩის ბოლო წუთებზე, ნეიმარმა ტრავმა მიიღო. როგორც გაირკვა, მას ხერხემლის მალა აქვს გაბზარული და ის მსოფლიოს მიმდინარე ჩემპიონატზე ვეღარ ითამაშებს.
“ნეიმარის გამოკლება ჩემპიონატისთვის ძალიან სამწუხარო ამბავია. ის ამ ტურნირით ცხოვრობდა. აღარაფერს ვამბობ იმაზე, თუ რამდენს ნიშნავს ნეიმარი ჩვენი გუნდისთვის.
ეს სირთულე უნდა დავძლიოთ. ახლა, კიდევ ერთი მიზეზი გვაქვს იმისათვის, რომ ბოლომდე დავიხარჯოთ. თუ ღმერთი დაგვეხმარება, ჩემპიონები გავხდებით და ამ ტიტულს ნეიმარს მივუძღვნით.” – აცხადებს ჰალკი, რომლის გუნდი, 1/2-ფინალში, გერმანიას ხვდება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია