Geo | Eng | Rus
სარეკლამო ადგილი - 3
570 x 120
არგენტინა – პრაგმატულად, მაგრამ მიზნისკენ სრული სვლით
2014-07-05 23:09 | ნახვები: 3559
12345678
სარეკლამო ადგილი - 10
710 x 106

ზედიზედ 5 მუნდიალის განმავლობაში, არგენტინა ვერაფრით გადიოდა ნახევარფინალში, ახლა კი წადილი აისრულა. ალეხანდო საბელიას გუნდს ბელგიასთან ერთი გოლი ეყო – ის ერთი მატჩის დასაწყისშივე გაიტანა და დარჩენილ დროშიც სადავეები ხელიდან არ გაუშვია. გაცილებით აქტიურ და კრეატიულ თამაშს ველოდით ბენილუქსელებისგან.

თავად განსაჯეთ, აშშ-სთან დამატებითი დრო რომ არ ჩავთვალოთ, მათ 31-ჯერ დაარტყეს კარში, ხოლო დღეს არგენტინელთა მეკარე რომეროს მხოლოდ ერთხელ მოუწია სერიოზულად საქმეში ჩართვა. მხოლოდ ერთხელ (!) და ისიც, ბელგიელებს არ დაურტყამთ, ესეკილ გარაიმ კინაღამ საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი.

ედენ აზარს რა ფუნქცია ჰქონდა, გაუგებარია. მარუან ფელაინიმ ლამის რეკორდი მოხსნა ბურთის დაკარგვაში და ყველაზე აქტიური (ისიც, შედარებით) ისევ კევინ დე ბრუინი გახლდათ. მხოლოდ მსაჯის მიერ დამატებულ წუთებში შეეტყო ბელგიას, რომ ჩქარობდა და ერთადერთი რეალური მომენტიც მაშინ შექმნა: რომელუ ლუკაკუ მცველს დაუსხლტა, მაგრამ პასი არ გამოუვიდა და გარაიმ ჩაუჭრა, დამატებაზე კი აქსელ ვიტცელმა ააცილა.

არგენტინა არ ბრწყინავდა, მაგრამ საქმეს პრაგმატულად აკეთებდა. სწორედ ეს პრაგმატიზმი აკლდებოდა "ალბისელესტეს" წინა მუნდიალებზე. გაამართლა საბელიას ცვლილებამაც: ლუკას ბილია დააყენა საყრდენად და მანაც ფერნანდო გაგოზე გაცილებით კარგად ითამაშა. საიმედო იყო მარტინ დემიკელისიც, რომელმაც ფედერიკო ფერნანდესის ადგილი დაიკავა.

ერთადერთ გოლს რაც შეეხება: ანხელ დი მარია სხვა მხარეს აკეთებდა პასს, მაგრამ ბურთი ვერტონგენის ფეხიდან მიუვიდა გონსალო იგუაინს, რომელმაც მოულოდნელად დაარტყა. ტიბო კურტუასთვის ეს მოულოდნელი გამოდგა და ვერც გადახტა – 1:0. იგუაინისთვის ეს პირველი გოლია ამ მუნდიალზე.

პირველ ტაიმში მთელ არგენტინას გული გადაუქანდებოდა, რადგან ანხელ დი მარია დაშავდა და შესაცვლელი გახდა. როგორც გაირკვა, დი მარიას კუნთი გაუწყდა და მისთვის მუნდიალი ნაადრევად დასრულდა.

გოლი ვერ ეღირსა მესის, რომელმაც შესვენების წინ 3 მეტოქეს შორის მოქცეულმა მოახერხა ჯარიმის მოპოვება. კარიდან 19 მეტრში. ოდნავ გადააცილა და ინტრიგა დარჩა მატჩში. შეხვედრის ბოლოს კი "ბარსელონას" ვარსკვლავს კურტუამ არ გაატანინა – ერთი-ერთზე გასულს აუღო.

კარგი იყო იგუაინი. გოლს რომ თავი დავანებოთ, აქტიური გახლდათ და თუნდაც ის გარღვევა რად ღირს, ნახევარი მოედანი რომ გაირბინა და ბოლოს ხარიხას მოარტყა ბურთი. საბელიამ სინანულისგან თავი უკან გადააქნია და ისე დაბარბაცდა, თანაშემწეს რომ არ დაეჭირა, ტრავმა გარდაუვალი იქნებოდა...

მთლიანობაში, უკეთეს სანახაობას ველოდით და რომ არ შედგა, ეს ბელგიელთა ბრალია. ისინი მდევრის როლში იყვნენ და უფრო დიდი ძალებით უნდა წასულიყვნენ შეტევებში. ვერ მოახერხეს, უფრო სწორად, არგენტინამ არ მიუშვა ნებაზე.

არგენტინა ჩემპიონობისთვის ბრძოლას აგრძელებს, ბელგიელთა ამ თაობას კი ჯერ დიდი სანაკრებო გამოცდილება აკლია. სწორედ ამ გამოცდილებისა და ასაკის გათვალისწინებით, ბენილუქსელებს ევრო-2016-ზე უკეთესი გუნდი უნდა ჰყავდეთ. ჯერ ყველაფერი წინ აქვთ.

5.07. 20:00. ბრაზილია. "ნასიონალი"

არგენტინა-ბელგია 1:0 (1:0)

არგენტინა:რომერო, საბალეტა, გარაი, დემიკელისი, ბასანტა, მასკერანო, ბილია, დი მარია (პერესი 33), მესი, ლავეცი (პალასიო 71), იგუაინი (გაგო 81)

მწვრთნელი:ალეხანდრო საბელია

ბელგია:კურტუა, ალდერვაირელდი, კომპანი, ვან ბუიტენი, ვერტონგენი, ვიტცელი, ფელაინი, დე ბრუინი, აზარი (ჩადლი 75), მირალაში (მერტენსი 60), ორიჯი (ლუკაკუ 60).

მწვრთნელი:მარკ ვილმოტსი.

გოლი:1:0 იგუაინი (8)

გაფრთხილება:აზარი (53), ალდერვეირელდი (68), ბილია (75)

ბურთის ფლობა %: 51-49, კარში დარტყმა: 10 (3) – 10 (1), ჯარიმები: 11-14, კუთხურები: 3-4, თამაშგარე: 1-6; სეივი: 0-1

მსაჯი:ნიკოლა რიცოლი (იტალია)


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
ჯგუფი A
თ.ქ.
საფრანგეთი 37
შვეიცარია 35
ალბანეთი 33
რუმინეთი 31
ჯგუფი B
თ.ქ.
უელსი 36
ინგლისი 35
სლოვაკეთი 34
რუსეთი 31
ჯგუფი C
თ.ქ.
გერმანია 37
პოლონეთი 37
ჩრდ.ირლანდია 33
უკრაინა 30
ჯგუფი D
თ.ქ.
ხორვატია 37
ესპანეთი 36
თურქეთი 33
ჩეხეთი 31
ჯგუფი E
თ.ქ.
იტალია 36
ბელგია 36
ირლანდია 34
შვედეთი 31
ჯგუფი F
თ.ქ.
უნგრეთი 35
ისლანდია 35
პორტუგალია 33
ავსტრია 31
სარეკლამო ადგილი - 5
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
0.044438