|
ჰოლანდია 1/2-ფინალშია, კოსტა რიკა თავაწეული მიდის
2014-07-06 05:43 | ნახვები: 5484
1234567
კოსტა რიკის ეროვნული ნაკრებისთვის ფეხბურთის გულშემატკივრებს მადლობის მეტი არაფერი ეთქმით. ამ პატარა ქვეყანამ მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატს დაძაბულობა შეჰმატა და ყველას დაანახა, რომ შეუძლებელი არაფერია. მართალია, ხორხე ლუის პინტოს გუნდი მუნდიალს 1/4-ფინალიდან დაემშვიდობა, მაგრამ კოსტა რიკელთა მიმართ მხოლოდ ქების თქმა შეიძლება. კოსტა რიკის ნაკრები ნათელი მაგალითია იმისა, რომ პატარა ქვეყნის ნაკრებებსაც შეუძლიათ საერთაშორისო ასპარეზზე დიდი წარმატების მიღწევა. ხორსე ლუის პინტოს გაწვრთნილები მუნდიალს ისე დაემშვიდობნენ, რომ პენალტების სერიას თუ არ ჩავთვლით, არცერთი მატჩი წაუგიათ. 1/4-ფინალში, კოსტა რიკელები ჰოლანდიის ნაკრებს გადაეყარნენ და საკმაოდაც გაუჭირდათ. როგორც მოსალოდნელი იყო, ლუის ვან გალის გუნდი პირველ ნომრად თამაშობდა და მეტოქის კართანაც არაერთი ხიფათი შექმნა. ჰოლანდიელთა პირველი ყველაზე მწვავე შეტევა მე-20 წუთზე განხორციელდა - სამხრეთამერიკელთა მეკარემ ჯერ რობინ ვან პერსის ძლიერი დარტყმული აიღო, შემდეგ კი, ვესლი სნეიდერს არ გაატანინა. რამდენიმე წუთში, ევროპელთა შემტევი მემფის დეპაი მარცხენა ფრთიდან შეიჭრა მეტოქის საჯარიმოში და ძლიერად დაჰკრა, მაგრამ ამჯერადაც კეილორ ნავასმა ივარგა. ტაიმის დასრულებამდე მცირე ხნით ადრე, ვესლი სნეიდერმა საჯარიმო დარტყმა კარგად შეასრულა, მაგრამ მეკარემ ბურთი ნახტომში მოიგერია. მეორე ტაიმში, ჰოლანდიელთა შეტევები კიდევ უფრო გაძლიერდა. დასკვნით წუთებში, ევროპელებმა სამხრეთამერიკელებს ნამდვილი შტურმი მოუწყვეს და მომენტს მომენტზე ქმნიდნენ. სნეიდერის მორიგი საჯარიმო დარტყმის შემდეგ, ბურთი ძელს მოხვდა. იყო ეპიზოდი, როცა კოსტა რიკელებმა ბურთი ცარიელი კარის ხაზიდანაც გამოიტანეს. ასე იყო თუ ისე, ძირითადი დრო უგოლოდ დასრულდა და დამატებითი ტაიმები დაიწყო. ვან გალმა თამაშიდან მცველი ბრუნო მარტინს ინდი მოხსნა და მინდორზე ფორვარდი კლას-იან ჰუნტელარი შეიყვანა, რითაც შეტევა კიდევ უფრო გააძლიერა. კოსტა რიკელები თავს მედგრად იცავდნენ და კარის მშრალად შენახვა გამოსდიოდაც კიდეც. მატჩზე უდიდესი გავლენა ვან გალის უკანასკნელმა ცვლილებამ იქონია - პენალტების სერიამდე წამებით ადრე, მეკარე იასპერ სილესენი ტიმ კრულით შეცვალა. „ნიუკასლის“ კარის დარაჯი თერთმეტმეტრიანების მოგერიების დიდოსტატად მიიჩნევა და ვან გალსაც სწორედ ეს გათვლა ჰქონდა, რამაც გაამართლა კიდეც. კრულმა 5 დარტყმული პენალტიდან ხუთივეს მიმართულება გამოიცნო, ორი ბურთი კი, მოიგერია. ჰოლანდიელთა გამოცდილმა ფეხბურთელებმა - რობინ ვან პერსიმ, არიენ რობენმა, ვესლი სნეიდერმა და დირკ კიუიტმა პენალტები უშეცდომოდ შეასრულეს და „ნარინჯისფერებს“ 1/2-ფინალისკენ გზა გაუკვალეს. ვან გალის გუნდს წინ არგენტინის ნაკრები ელის, კოსტა რიკელები კი, შინ თავაწეულნი ბრუნდებიან. სალვადორი. „არენა ფონტე ნოვა“. 51000 მაყურებელი ჰოლანდია - კოსტა რიკა 0:0 (4:3 პენ.) ჰოლანდია: სილესენი (კრული 120), ვლარი, დე ვრეი, ინდი (ჰუნტელარი 106), ბლინდი, სნეიდეირ, ვაინალდუმი, ვან პერსი, რობენი, კიუიტი, დეპაი (ლენსი 76). მწვრთნელი: ლუის ვან გალი კოსტა რიკა: ნავასი, აკოსტა, გონსალესი, უმანია, დიასი, გამბოა (მაირი 79), ბორხესი, ბოლანიოსი, ტეხედა (კუბერო 97), კემპბელი (ურენია 66), რუისი. მწვრთნელი: ხორხე ლუის პინტო გაფრთხილება: ინდი (64), ჰუნტელარი (111) - დიასი (37), უმანია (52), გონსალესი (81), აკოსტა (107) კარში დარტყმა: 20 (15) – 6 (3) ჯარიმა: 15 - 13 კუთხური: 11 - 1 თამაშგარე: 13 - 2 ბურთის ფლობა: 64% - 36% სეივი: 3 – 15 მთავარი არბიტრი: ბაჰადირ კოჩკაროვი (ყირგიზეთი) |
|
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია