|
არგენტინელთა მომქანცველი ლოდინის დასასრული
2014-07-06 11:12 | ნახვები: 5634
12345678910111213
თუ ბრაზილიელები 1/2-ფინალში გასვლას 12 წელი მოუნდნენ, არგენტინელებს ორჯერ მეტი დრო დასჭირდათ და ლამის აუხდენელ ოცნებად ექცათ. გენიალური მარადონას შემდეგ, არგენტინის ნაკრებში რამდენიმე ნიჭიერი თაობა შეიცვალა, მაგრამ წარმატებას ამ ფორმაციის გუნდმა მიაღწია. ბოლოს არგენტინელები საუკეთესო ოთხეულში 1990 წელს იტალიის მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვდნენ და მაშინ, ფინალშიც გავიდნენ, სადაც გერმანელებთან დამარცხდნენ. 1986 წელს, ისინი მექსიკაში 1/2-ფინალში ბელგიელებს შეხვდნენ და მაშინ, მარადონას დუბლის წყალობით გაიმარჯვეს. პირველი გოლი დონ დიეგომ დასწრებაზე გაიტანა - ბურთი მეტოქის კარში ფეხის “წვერით” გადაგზავნა, ხოლო მეორედ “მცირე შედევრი” შექმნა, აუარა რა გვერდი რამდენიმე ბელგიელს და ანაგრიშში სხვაობა ორამდე გაზარდა. “დიდი სპექტაკლი” მან მანამდე ინგლისელებთან “დადგა”. შესაძლოა, ბევრი ფიქრობდა, რომ იგივეს მესი გააკეთებდა, რომელსაც მარადონას ხშირად ადრებენ. თუმცა, გმირი სხვა აღმოჩნდა. “პიპამ” როგორც არგენტინელები გონსალო იგუაინს ეძახიან, მიმდინარე ჩემპიონატში პირველი გოლი გაიტანა და ალბათ, ჯერჯერობით კარიერაში უმნიშვნელოვანესი. მას მეორედაც შეეძლო თავის გამოჩენა, მაგრამ ბელგიელები ხარიხამ გადაარჩინა. რაც შეეხება მესის, არგენტინელთა ლიდერს ცუდად არ უთამაშია და რეალური საგოლე მომენტიც ჰქონდა, მაგრამ ეს 1986 წლის მარადონა ნამდვილად არ იყო. არგენტინელების თამაშს აშკარად დაეტყო დი მარიას მოედნიდან ნაადრევად გასვლა, რომელიც ბრაზილიის მუნდიალზე მესისთან ერთად თავის გუნდში საუკეთესოა. თამაშამდე არგენტინელი გულშემატკივრების გარემოცვაში აღმოვჩნდი, რომლებსაც “კოპაკაბანაზე” “ბანაკი” ჯერ არ აუშლიათ და ავტომანქანებში ცხოვრობენ, საჭმელსც თავად ამზადებენ. ერთ-ერთმა მკითხა ბრაზილიელი ხომ არ ვიყავი. ცხადია, ბრაზილიაში პირველად ამას გეკითხებიან. როდესაც ვუთხარი რომელ ქვეყანასაც წარმოვადგენდი, მითხრა – საქართველოდან ხომ სტალინი იყოო. სხვათა შორის, პირველად მოხდა, რომ ჩემი ქართველობის გაგებისას სტალინი ახსენეს. ამ არგენტინელმა ჩემგან დადებითი პასუხი რომ მიიღო გაუხარდა, რადგან ცოდნა გამოავლინა. თუმცა, სტალინზე საუბარი არ გაგრძელებულა. უმალ ყველა თემა ფეხბურთმა ჩაანაცვლა და პირველ ყოვლისა მარადონამ. მე ვუთხარი, რომ მესი ჯერ მარადონას დონეზე არაა-მეთქი. დამეთანხმა, მარადონა ყველაფერს მარტო იგებდა ნაკრებში და კლუბშიცო. ბუნებრივია, ინგლისელებთან დონ დიეგოს მიერ გატანილი გოლიც გაიხსენა. 1990 წლის ფინალიც ახსენა და თქვა, ჩვენს კარში პენალტი არ იყოო. შეგახსენებთ, რომ მაშინ გერმანიამ არგენტინა ანდრეას ბრემეს მიერ თერთმეტმეტრიანიდან გატანილი გოლით დაამარცხა. გაუხარდა, რომ 1986-ის მუნდიალზე მარადონასთან ერთად კიდევ ორი გმირის ბურუჩაგასა და ვალდანოს გვარები ვახსენე. მეკარე სერხიო გოეკოეჩეას საუცხოო გარჯაც გავიხსენეთ. ამ საუბარში მარადონასთვის სპეციალურად მიძღვნილი სიმღერაც გაისმა და ჩემი ნაცნობი თანამემამულეებს შეურთდა. მატჩის დაწყებამდე ბევრი არაფერი რჩებოდა. ლაშა თაბაგრი worldport.ge-ს სპეციალური კორესპონდენტი რიო დე ჟანეიროდან |
|
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია