ჰოლანდიის ეროვნული ნაკრებისა და მიუნხენის “ბაიერნის” შემტევი ნახევარმცველის, არიენ რობენის აზრით, ჰოლანდიელთა ნახევარფინალში გასვლაში უდიდესი წვლილი ლუის ვან გაალს მიუძღვის. ამის შესახებ მან FIFA-ს ოფიციალურ ვებგვერდთან ისაუბრა.
“ჩვენ უძლიერესი მწვრთნელი და შესანიშნავი კოლექტივი გვყავს. გამარჯვებაში ყველას საკუთარი წვლილი შეაქვს. ამაში დასარწმუნებლად, ტიმ კრულს შეხედეთ – მიმდინარე ჩემპიონატზე პირველად გამოვიდა მოედანზე და მატჩის ბედი გადაწყვიტა. ამასთან, სილესენმაც კი არ იცოდა, რომ ვან გაალს თადარიგში ასეთი გეგმა ჰქონდა” – განაცხადა რობენმა.
“ჩვენი მთავარი მწვრთნელი ნამდვილი ჯადოქარია. საბოლოოდ, მატჩის ბედი თერთმეტმეტრიანების სერიაში გადაწყდა, რომელმაც აქამდე ჰოლანდიის ნაკრებს არაერთი უსიამოვნება მოუტანა. ამის მიუხედავად, ჩვენ პენალტებისთვის ფსიქოლოგიურად მზად ვიყავით” – დაასრულა თავისი ინტერვიუ ჰოლანდიელმა.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში ჰოლანდიამ კოსტა რიკის ეროვნული ნაკრები დაამარცხა. უგოლო 120 წუთის შემდეგ, ჰოლანდიელებმა თერთმეტმეტრიანების სერიაში იმარჯვეს (4:3). გამარჯვებულთა მხრიდან, პენალტები ვან პერსიმ, რობენმა, სნეიდერმა და კუიტმა შეასრულეს. ოთხივე მათგანმა წარმატებით გაართვა თავი დაკისრებულ მოვალეობას.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია