|
ოპერისა და ბალეტის მუნიციპალური თეატრი რიოში
2014-07-07 18:54 | ნახვები: 3451
1234
რიო დე ჟანეიროს ერთ-ერთ ღირსშესანიშნაობას ოპერისა და ბელეტის თეატრი წარმოადგენს, რომელიც ქალაქის კულტურულ ცენტრში სინელანდიის მოედანზე მდებარეობს. მას მუნიციპალურ თეატრს უწოდებენ, ხოლო სრული დასახელებაა Theatro Municipal do Rio de Janeiro. თეატრის აშენების იდეამ თავდაპირველად მე-19 საუკუნის მიწურულს გაიჟღერა. იმ დროს ქალაქში არსებული “ტეატრო სან-პედრო” და “ტეატრო ლირიკო”, როგორც დამსწრე საზოგადოების, ასევე შემსრულებლების მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებდა. 1894 წელს, დრამატურგმა არტურ აზევედომ კაპმანია წამოიწყო ახალი მუნიციპალური თეატრის ასაშენებლად, რომელიც “კომედი ფრანსეზის” სტილში იქნებოდა. ამისთვის, ქალაქში ახალი მუნიციპალური გადასახადი დააწესეს, მაგრამ შეგროვილი თანხა გაიფლანგა. ქალაქის “მამები” თეატრის აშენების იდეას მე-20 საუკუნის დასაწყისში მიუბრუნდნენ და რიოს პრეფექტმა პერეირა პასუშმა საუკეთესო თეატრალური შენობის პროექტისთვის კონკურსი გამოაცხადა. 1904 წლისთვის მუნიციპალიტეტში შვიდი პროექტი შევიდა. ხმათა თანაბარი რაოდენობა მიიღეს პროექტებმა, რომელთა ავტორები ბრაზილიელი ფრანსისკუ დე ოლივეირა პასუში (პრეფექტის შვილი) და ფრანგი არქიტექტორი ალბერ გილბერი იყვნენ. პრესამ ქალაქის ხელმძღვანელობა ფავორიტიზმსა და შედეგების გაყალბებაში დაადანაშაულა და საბოლოოდ, დაამტკიცეს პროექტი, რომელიც ბრაზილიელისა და ფრანგის ნამუშევართა ერთობლიობას წარმოადგენდა. თეატრი 1739 მაყურებელზე გათვალეს. სამშენებლო სამუშაოები 1905 წლის 2 იანვარს დაიწყო და 1909 წლის ივლისამდე გაგრძელდა. ახალი თეატრის გაფორმებაზე ცნობილი მოქანდაკე ენრიკე ბერნარდელი, მხატვრები როდოლდო ამოედუ და ელისეუ ვისკონტი მუშაობდნენ. მოზაიკისა და ვიტრაჟების გასაკეთებლად ევროპელი ოსტატები მიიწვიეს. რიო დე ჟანეიროს მუნიციპალური თეატრი 1909 წელს ბრაზილიის პრეზიდენტმა ნილუ პესანიამ გახსნა. 1934 წელს, რიო დე ჟანეიროს მოსახლეობის ზრდასთან დაკავშირებით, თეატრს რეკონსტრუცია გაუკეთეს და მასში 2205 მაყურებელი ეტეოდა. მოგვიანებით, მაყურებელთა რაოდენობა 2361-მდე გაიზარდა. 1975-1978 წლებში, თეატრს გენერალური რეკოსნტრუქცია ჩაუტარდა. 2008 წელს, თეატრის 100 წლისთავის თარიღამდე, თეატრი კიდევ ერთხელ გაარემონტეს. თეატრის გვერდით ძალიან ცნობილი ბრაზილიელი კომპოზიტორის ანტონიო კარლოს გომესის ქანდაკება დგას, რომელიც ბრაზილიური ოპერის ფუძემდებლად ითვლება. ის, 1836 წელს დაიბადა და მამა დირიჟორი ჰყავდა. განათლება ჯერ რიო დე ჟანეიროს კონსერვატორიში მიიღო, შემდეგ – მილანის. 1861 წელს, “ბრაზილიის ეროვნული ოპერის” თეატრი დაარსა. 1872-1880 წლებში იტალიაში ცხოვრობდა, ხოლო მერე კვლავ სამშობლოში დაბრუნდა. კარლოს გოემსი ცნობილი ბრაზილიური ოპერის “გუარანის” ავტორია, რომელიც პორტუგალიელების მიერ ბრაზილიის დაპყრობის სიუჟეტზეა შექმნილი. მას ეკუთვნის: “ღამე ციხესიმაგრეში”, “იოანა ფლანდრიიდან”, “სალვატორ როზა”, “მონა”. გომესის ოპერები მე-20 საუკუნის დასაწყისში ძალიან პოპულარული იყო. მისი ქმნილებების არიები ისეთი ცნობილი საოპერო მომღერლების რეპერტუარში შედიოდა, როგორიც კარუზო, მუციო და შალიაპინი იყვნენ. ლაშა თაბაგარი worldsport.ge-ს სპეციალური კორესპონდენტი რიო დე ჟანეიროდან
ლაშა თაბაგარის ფოტოები |
|
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია