|
ბელუ ორიზონტე დუღს: ბრაზილია თუ გერმანია?
2014-07-08 10:22 | ნახვები: 4761
1234567
ბრაზილია-გერმანია ნახევარფინალში. ორი ბუმბერაზი საფეხბურთო ქვეყნიდან ერთ-ერთი მუნდიალს დატოვებს... ჯერ კიდევ შარშან, როგორც კი მუნდიალის წილისყრა შედგა, მაშინვე ბევრმა ივარაუდა, ნახევარფინალში სწორედ ბრაზილიურ-გერმანული დაპირისპირება შედგებაო და პროგნოზი გამართლდა კიდეც. უცნაურია, რომ ეს ბუმბერაზები მსოფლიოს ჩემპიონატის ისტორიაში მხოლოდ ერთხელ შეხვდნენ ერთმანეთს, მაგრამ ის ერთი რა მნიშვნელობის მატჩი იყო? 2002 წელს, იოკოჰამაში გამართულ ფინალში ლუიშ ფელიპე სკოლარის გაწვრთნილმა ბრაზილიამ რონალდუს დუბლით 2:0 სძლია რუდი ფიოლერის გუნდს და მეხუთედ მოიპოვა ჩემპიონობა. ისევ სკოლარი, მაგრამ ამჯერად ბრაზილიას აღარ ჰყავს რონალდოს, რივალდოს, კაფუს, რობერტო კარლოსისა და რონალდინიოს დარი ფეხბურთელები. აღარ ჰყავს ამ ფორმაციის ბრაზილიის ნაკრების გამოკვეთილი ლიდერიც. საინტერესოა, როგორი იქნება "სელესაო" ნეიმარის გარეშე. ალბათ, ცოტა უცნაური, რადგან შევეჩვიეთ, რომ ბრაზილიის შეტევაში მთავარი მამოძრავებელი ძალა სწორედ ნეიმარი იყო. ბევრი იქნება დამოკიდებული ჰალკზე, რომლისგანაც მაინც ელიან, რომ თავის სიტყვას იტყვის მუნდიალზე. ჩრდილშია ოსკარიც, აი, ფრედისგან (ან ჟოსგან) განსაკუთრებულს ცოტა თუ ელის. ანუ, გერმანიასთან მატჩში ძალიან გაიზრდება ბრაზილიელი შემტევების როლი - აქამდე, გინდა-არ გინდა, ნეიმარზე ეწყობოდა გუნდი. ვინ შეცვლის ნეიმარს? N 1 კანდიდატი მაინც ვილიანია, რომელმაც გუშინწინდელ ვარჯიშზე ტრავმა მიიღო, მაგრამ გამოჯანმრთელდა. დისკვალიფიცირებულ ტიაგო სილვას კი, ორი აზრი არაა, დანტე შეცვლის. დანტე, რომელიც მშვენივრად იცნობს გერმანელ შემტევებს, მაგრამ იგივე პატივით სარგებლობს მათგანაც. ტიაგო სილვას არყოფნაში, კაპიტანი დავიდ ლუიზი იქნება. გერმანია ნახევარფინალის წინ უდანაკარგოდაა. ეს ამ მუნდიალზე არ აქვთ დანაკლისი, თორემ ერთ-ერთი ყველაზე შემ ოქმედებითი ფეხბურთელი ბრაზილიაში ჩასვლამდე რამდენიმე დღით ადრე გამოაკლდათ - მარკო როისი. დიდი ალბათობით, იოაჰიმ ლიოვი იგივე თერთმეტეულს დააყენებს, როგორიც საფრანგეთთან ჰყავდა. მიროსლავ კლოზე გამოცდილია და ასეთ მატჩებში ეს ბევრს ნიშნავს. ის კი არა, Kიცკერ-ის სავარაუდო თერთმეტეულში ლუკაშ პოდოლსკიც წერია. ლიოვს რომ პოდოლსკი განსაკუთრებით მოსწონს, ეს სიახლე არაა, თუმცა რამდენად გარისკავს, ძნელი სათქმელია. რონალდო: "დარწმუნებული ვარ, რომ დიდი მატჩი იქნება და მთელ ჩემპიონატს გაალამაზებს. ფინალის ტოლფას თამაშს ველი. ამ კუთხით კარგია, რომ გერმანიამ საფრანგეთს სძლია მეოთხედფინალში. დიდიე დეშამის გუნდისადმი დიდი პატივისცემის მიუხედავად, მაყურებლებისთვის ბრაზილია-გერმანია უკეთესი იქნება, ვიდრე ბრაზილია-საფრანგეთი". ლიოვი: "ვიცით, რამდენად ძლიერია ბრაზილია. ისინი ტურნირის დასაწყისიდანვე ფავორიტები არიან და კარგად გაუძლეს წნეხს, თუმცა ჩვენც კარგად ვართ მომზადებულნი. შანსები? ასე ვიტყოდი, ამ მატჩის ბედს წვრილმანი დეტალები გადაწყვეტენ. ასეა, როცა ორი თანაბარი დონის გუნდი ხვდება ერთმანეთს. ბრაზილიელთათვის საწყენია, რომ ორი ლიდერის გარეშე ითამაშებენ. თუმცა არავინ იფიქროს, რომ ამით ჩვენი ამოცანა გაიოლდა. ნეიმარის შეცვლაც შეუძლიათ. რაც შეეხება დანტეს, ის მაღალი კლასის მცველია და ამ მხრივ ტიაგო სილვას დანაკლისი, ხარისხის მიხედვით, თითქმის უმნიშვნელოა". აი, ლეგენდარული ესპანელი რაული კი ფიქრობს, რომ ნეიმარის სახით, ბრაზილია შემტევი პოტენციალის ნახევარს დაკარგავს. სკოლარი: "ტაქტიკაზე ვერაფერს მოგახსენებთ. ამას მატჩისას შეიტყობთ. 10-15 დღის წინ ჩვენი არავის სჯეროდა. ამბობდნენ, რომ ჯგუფიდან გავიდოდით, შემდეგ კი გავვარდებოდით. სად ვართ ახლა? მჯერა ჩემი ფეხბურთელების, მათ კი - თავიანთი ძალის. ჩვენ ვაჩვენეთ, რომ შეგვიძლია ფეხბურთელების შეცვლა: მაგალითად, კოლუმბიასთან პაულინიომ კარგად ჩაანაცვლა ლუის გუსტავო". სხვათა შორის, სკოლარიმ ნაკრებში ფსიქოლოგი მოიწვია - რეგინ ბრანდაუ. მწვრთნელი ამბობს, რომ გუნდმა შოკი გადაიტანა ნეიმარის ტრავმის გამო და ფსიქოლოგის დახმარება აუცილებელი გახდა. ურთიერთშეხვედრების ისტორიაზეც: ბრაზილიას აშკარა უპირატესობა აქვს როგორც გერმანიის გაერთიანებამდე, ასევე მას შემდეგ. თუმცა ბოლო დაპირისპირებაში გერმანელებმა იმარჯვეს - 2011 წლის აგვისტოში, ამხანაგურ შეხვედრაში 3:2. ლიოვის გუნდიდან ბასტიან შვაინშტაიგერმა, მარიო გიოტცემ და ანდრე შიურლემ გაიტანეს, ხოლო ბრაზილიელთაგან - რობინიომ და ნეიმარმა. აქვე, მსაჯზეც. შეხვედრას მექსიკელი მარკო როდრიგესი გაუძღვება, რომელმაც ალ მუნდიალზე ბელგია-ალჟირი და იტალია-ურუგვაი იმსაჯა. დიახ, როდრიგესია ის მსაჯი, რომელმაც ლუის სუარესის კბენა ვერ დაინახა. ურთიერთშეხვედრები (ბრაზილია-გფრ) 15 მატჩი, 8 მოგება, 4 ფრე, 3 წაგება. ბურთები 22:16 ურთიერთშეხვედრები (გერმანიის გაერთიანების შემდეგ) 9 მატჩი, 5 მოგება, 2 ფრე, 2 წაგება. ბურთები 21:13 სულ 24 მატჩი, 13 მოგება, 6 ფრე, 5 წაგება, ბურთები 43:29 9 ივლისი. 00:00. ბელუ ორიზონტე. "მინეირაო". ბრაზილია – გერმანია სავარაუდო შემადგენლობები ბრაზილია: ჟულიო სეზარი, მაიკონი, დავიდ ლუიზი, დანტე, მარსელო, ლუის გუსტავო, ფერნანდინიო, ვილიანი, ოსკარი, ჰალკი, ფრედი. გერმანია: ნოიერი, ლამი, ჰუმელსი, ბოატენგი, ჰიოვედესი, ხედირა, შვაინშტაიგერი, კროოსი, იოზილი, მიულერი, კლოზე. მსაჯი: მარკო როდრიგესი (მექსიკა) |
|
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია