|
ბრაზილია-გერმანია - დიდი ევროპულ-სამხრეთამერიკული დაპირისპირება
2014-07-08 11:02 | ნახვები: 7367
12
ბრაზილიელები მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატის მიმდინარეობისას ყველაზე დიდი ყურადღებით თავისი ეროვნული გუნდის მატჩებს ეკიდებიან. შესაძლოა, გერმანია-საფრანგეთი ხვდებოდნენ და ამ დროს ადგილობრივები პლაჟზე ბურთს აგორებდნენ, ხსენებული დაპირისპირების ანგარიში კი არც იკითხონ. თუმცა, იმ დღეს, როდესაც ბრაზილია თამაშობს, ზოგი “ფიფა ფან ფესტში” იკრიბება, ვინც იქ ვერ შევა, მატჩს ქუჩიდან უყურებს, სხვები რიო დე ჟანეიროს კაფე-ბაქრებს ავსებენ. კაცები, ქალები და ბავშვები ბრაზილიის ნაკრების მაისურებში გამოეწყობიან. მსოფლიო პირველობის 1/2-ფინალში გერმანიასთან დაპირისპირებამდე ერთი დღით ადრე რიოში განსაკუთრებული აჟიოტაჟი არ იყო. უზარმაზარი მეგაპოლისი თავისი ცხოვრებით ცხოვრობდა. “ფიფა ფან ფესტი” დაკეტილი იყო, ხოლო პლაჟზეც ხალხის სიმცირე შეიმჩნეოდა. ძირითადად თვალში არგენტინელები მოგხვდებოდნენ, რომლებიც, არაერთხელ აღმინიშნავს, რომ იქვე ცხოვრობენ. მომავალი შეხვედრა, რომელიც ბელუ ორიზონტეში ჩატარდება, პრესისა და ტელევიზიის მთავარი თემაა. დილას სახლებიდან გამოსული ფეხბურთის მოყვარულები პრესას ეცნობიან. გაზეთ “გლობოს” ნომრებს ავტობუსებში არიგებდნენ. რა თქმა უნდა, მთავარი თემა ნეიმარის უთამაშებლობაა. ბრაზილიურ არხებზე არაერთხელ აჩვენეს კადრები, როგორ გადააფრინეს ნეიმარი მისთვის სპეციალურად გამოყოფილი თვითმფრინავით. აჩვენეს, თუ როგორ მოინახულა კლინიკაში ნეიმარი ბრაზილიის ეროვნული გუნდის ექსთავდამსხმელმა რობინიომ. დიდი ალბათობით, ნეიმარს გერმანელებთან მატჩში ვილიანი შეცვლის, მაგრამ ეს რომ სრულფასოვანი ცვლილება არ იქნება, ყველასთვის ნათელია. ვილიანი ურიგო ფეხბურთელი არაა, მაგრამ ნეიმართან ვერ მივა. ბრაზილიელებს კაპიტანი ტიაგო სილვაც დააკლდება, რომელიც ნაკრებში უმნიშვნელოვანესი ფიგურაა. გარდა იმისა, რომ დაცვაში საუცხოოდ ირჯება, სტანდარტულების დროს კარგად ერთვება და კოლუმბიასთან გოლიც გაიტანა. 1/4-ფინალში ყვითელი ბარათის მიღების დროს, რომელიც სილვასთვის მეორე აღმოჩნდა, ბრაზილიური არხების ტელეოპერატორებმა მაშინვე კამერა სათადარიგოთა სკამზე მყოფ დანტეს მიაპყრეს. მას მიმდინარე მუნდიალზე არ უთამაშია და სავარაუდოდ, გერმანიასთან სასტარტოში იქნება. დანტესთვის გერმანული ფეხბურთი უცხო ნამდვილად არაა, რადგან მიუნხენის “ბაიერნში” გამოდის. გერმანიის ნაკრებში ხომ მიუნხენური კლუბიდან ბრაზილიელი მცველის არაერთი თანაგუნდელი ირიცხება. ბრაზილიისა და გერმანიის ნაკრებების ვარჯიშები დეტალურად გააშუქეს. ორივეს საწვრთნელი ბანაკებიდან პირდაპირი ჩართვა იყო. ადგილობრივი ტელევიზიები ისეთ წვრილმანებსაც კი აქცევენ ყურადღებას, მაგალითად, როგორ ესაუბრებოდა ვარჯიშზე ლუიშ ფელიპე სკოლარი ცენტრალურ მცველს დავიდ ლუიზს ან ამ უკანასკნელმა წვრთნის მერე როგორ გადახვია ხელი “ფელიპაოს” ასისტენტს პარეირას და ისე ელაპარაკებოდა. მოკლედ, “პენტაკამპეონთა” არცერთ ნაბიჯს განუხილველს არ ტოვებენ. ამაში გასაკვირი არაფერია, ეს ხომ ბრაზილიის ნაკრებია. გერმანიის ნაკრებს ვარჯიშზე ქომაგებმა მიაკითხეს და დიდი ჟივილ-ხივილით დახვდნენ. სხვათა შორის, მათ შორის არა მხოლოდ გერმანელები იყვნენ, არამედ, ზოგი ბრაზილიელიც. მაგალითად, ერთ-ერთ ბრაზილიელ გოგონას ბუნდესნაკრების მაისური მოერგო და ფეხზე გერმანელთა მხარდასაჭერად არწივიც გამოესახა. მსოფლიო მასშტაბით გერმანელებს ქომაგები ნამდვილად არ აკლიათ, რაშიც რიოში ყოფნისას თავად დავრწმუნდი. აქამდე, ბრაზილიისა და გერმანიის გზები მუნდიალებზე მხოლოდ ერთხელ 2002 წელს, იაპონია-სამხრეთ კორეაში გამართული ტურნირის ფინალში გადაიკვეთა და მაშინ, “ფენომენად” წოდებული რონალდოს დუბლით ბრაზილიელებმა მსოფლიო თასი მეხუთედ მოიპოვეს. სხვათა შორის, იმ ფორმაციის გერმანიის ნაკრებში მიროსლავ კლოზე თამაშობდა, რომელიც მთავარი დამრტყმელი ძალა იყო. კლოზე ახლაც ბუნდესნაკრებშია და მიმდინარე პირველობაზე იმდენი მოახერხა, რომ მსოფლიო ჩემპიონატებზე გატანილი 15 გოლით რონალდოს გაუტოლდა. გერმანელები ბრაზილიის მსოფლიო თასზეც ტრადიციულად თავის საქმეს ცოდნით აკეთებენ და ამ ეტაპზე შედეგიც მოიმკეს - ზედიზედ მეოთხედ 1/2-ფინალში არიან. ბუნდესნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იოაჰიმ ლიოვმა თქვა, რომ ტურნირზე რაც შეიძლება შორს წასვლა სურს. მას არ დაუკონკრეტებია, სადამდე, თუმცა ამას დიდი ფიქრი არ სჭირდება. გერმანელებს ხომ ნებისმიერ ტურნირზე ერთი მიზანი აქვთ - გამარჯვება. ბრაზილიის ტელეარხებმა ისიც აჩვენეს, თუ როგორ დააკავა სასტუმრო “კოპაკაბანა პალასში” პოლიციამ დანაშაულებრივი დაჯგუფება, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის ბილეთებით უკანონოდ ვაჭრობდა. აღსანიშნავია, რომ მსგავსი რამ პირველად არ მომხდარა. თუ ორშაბათს რიო ჩვეული რიტმით ცხოვრობდა, სამშაბათს საღამოს ყველაფერი სხვაგვარად იქნება. ქომაგები კაფე-ბარებში შეიკრიბებიან მატჩის თვალის სადევნებლად “ფიფა ფან ფესტში” ტევა კვლავ არ იქნება, ხოლო “კოპაკაბანას” მიმდებარე ტერიტორიაზე იმდენი გულშემატკივარი შეიკრიბება, რომ ავტომანქანები და ავტობუსები ვეღარ იმოძრავებენ. თუ ორივე ნაკრების არსებობის ისტორიაში ნაჩვენებ შედეგებს გავითვალისწინებთ, თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ერთმანეთს მსოფლიოს ყველაზე ტიტულოვანი გუნდები ხვდებიან. ამ შემთხვევაში, გერმანელთა აქტივში მუნდიალების გარდა, ევროპის ჩემპიონატებზე ნაჩვენები შედეგებიც შედის. ლაშა თაბაგარი worldsport.ge-ის სპეციალური კორესპონდენტი რიო დე ჟანეიროდან ლაშა თაბაგარის ფოტოები |
|
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია