|
ხავიერ მასკერანო: “მთავარია, ყველა ხელსაყრელი მომენტი საჩვენოდ გამოვიყენოთ”
2014-07-08 12:53 | ნახვები: 3049
1
არგენტინის ეროვნული ნაკრები 24 წლის შესვენების შემდეგ მუნდიალის ნახევარფინალში გავიდა, თუმცა, ბიკამპეონები ამაზე დაჯერებას სულაც არ აპირებენ და როგორც მათი მთავარი მწვრთნელი ალეხანდრო საბელია, ასევე ფეხბურთელები აცხადებებნ, რომ სამხრეთამერიკელთა მიზანი და მისწრაფება ფინალში გასვლა და გადამწყვეტ მატჩში წარმატებით გამოსვლაა. ჰოლანდიასთან ნახევარფინალის წინ ჟურნალისტებს არგენტინელთა ერთ-ერთი წამყვანი და გამოცდილი მოთამაშე ხავიერ მასკერანო გაესაუბრა. - რა განწყობით ხვდება არგენტინის ნაკრები ნახევარფინალურ პაექრობას? - ის ენთუზიაზმი უნდა შევინარჩუნოთ, რისი წყალობითაც პლანეტის საუკეთესო 4 ნაკრებს შორის მოვხვდით. არგენტინა ნახევარფინალში 24 წლიანი პაუზის შემდეგ გავიდა და ამ მოვლენის მომსწრე და ერთ-ერთი შემოქმედი ვარ. ეს ჩემთვის მეტად სასიხარულო ამბავია. ამასთან კარგად უნდა გვახსოვდეს, რამხელა პასუხისმგებლობა გვაკისრია მთლიანად ქვეყნის წინაშე. გულშემატკივრებს ჩვენი სწამთ და უფლება არ გვაქვს, მათ იმედი გავუცრუოთ. არგენტინას ერთმუშტად შეკრული, უნიკალური გუნდი ჰყავს და ფინალში გასასვლელად არაფერს დავიშურებთ. - სანახევარფინალე მეტოქე ჰოლანდიაზე რას იტყვით? - მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ყველაზე უნარიანად და სწრაფად კონტრიერიშებს სწორედ ჰოლანდიელები ახორციელებენ. ევროპელებს მეტად ფეხმარდი და მობილური მოთამაშეები ჰყავთ. ლუის ვან გაალი ძალიან გამოცდილი მწვრთნელი და ცბიერი ტაქტიკოსია. ამასთან, ჰოლანდიელებმა სამხრეთ აფრიკის მუნდიალის გადამწყვეტი მატჩი წააგეს, რაც მათ მოტივაციას მატებს. ურთულესი დაპირისპირების მოლოდინში ვართ. გაცილებით გაგვიჭირდება, ვიდრე ბელგიელთა წინააღმდეგ პაექრობისას. - არგენტინა რა ტაქტიკით აპირებს თამაშს? - ლეო მესი და გონსალო იგუაინი ჰოლანდიელ მცველებს მოსვენებას ერთი წამითაც არ მისცემენ, ბურთის მიღების შემთხვევაში კი ნახევარმცველებს სულის მოთქმის საშუალება გვექნება. ვფიქრობ, ჰოლანდიელებთან ნახევარფინალში ბურთის ფლობის ასპექტით უპირატესობა გვექნება და მთავარია, ყველა ხელსაყრელი მომენტი საჩვენოდ გამოვიყენოთ. |
|
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია