|
1,2,3,4,5,6,7 - აშკარა დაუჯერებელი
2014-07-09 03:08 | ნახვები: 10765
123456789
გავა წლები, ათწლეულები და გერმანელთათვის ეს მატჩი დაუვიწყარი დარჩება, თაობიდან თაობას გადაეცემა და სიამოვნებით მოიგონებენ. გავა წლები, ათწლეულები და ეს მატჩი ბრაზილიელთათვის მაინც ვერ წაიშლება მეხსიერებიდან, ოღონდ სხვა გრძნობით – სირცხვილით! როდესაც მსოფლიოს 5-გზის ჩემპიონი ქვეყანა ნახევარფინალს საშინაო მოედანზე 29-ე წუთზე 0:5-ს აგებს, არ ვიცით, ამას რაღა უნდა ვუწოდოთ... მეორეს მხრივ, არის მატჩები, როცა ერთ გუნდს ყველაფერი გამოსდის, მეორეს არაფერი, ამ დროს კი არ გტოვებს შეგრძნება, რომ მათ შორის კლასში ასეთი სხვაობა არაა. მაგალითად, 3 წლის წინანდელი "იუნაიტედი"-"სიტის" 1:6 გავიხსენოთ, მაგრამ ბელუ-ორიზონტში სულ სხვა კალიბრის მატჩი იყო. ეს იყო მუნდიალის ნახევარფინალი, მუნდიალის ისტორიაში ყველაზე ტიტულოვანი ქვეყანა პირწმინდად შერცხვა და კაპიტულაცია გამოაცხადა. 1:7 ისეთი ანგარიშია, რომლის შემდეგ ნეიმარისა და ტიაგო სილვას არყოფნაზე ვერ დაიჩივლებ. შთაბეჭდილება რჩებოდა, რომ ლუიშ ფელიპე სკოლარიმ აბსოლუტურად მოუმზადებელი, ამასთან, ფსიქოლოგიურად მოშლილი, დავრდომილი გუნდი გაიყვანა მოედანზე, რომელმაც არ იცოდა, რა ეკეთებინა. … ქვეყანა, რომელსაც გარემარბად ჰყავდა გარინჩა, ახლა შეუცვლელად ჰყავს ჰალკი. ქვეყანას, რომელიც ისტორიაში სუპერთავდამსხმელების რაოდენობით ლამის დანარჩენ მსოფლიოს გადაფარავს, დღეს შეუცვლელად ჰყავს ფრედი... კიდევ, ჟო. დაახლოებით ისეა, რიო დე ჟანეიროდან ნიჟნი ტაგილში ან მურმანსკში რომ ამოჰყო თავი. ქვეყანას, რომელსაც მუნდიალის ისტორიაში მხოლოდ ერთხელ განუცდია დიდი ანგარიშით მარცხი და ისიც 0:3, ამჯერად 1:7 წააგო. ქვეყანას, რომელსაც მუნდიალის ისტორიაში მხოლოდ ერთხელ გაუშვია 5 გოლი და ისიც მოიგო (1938 წელს პოლონეთთან 6:5), ამჯერად გაუშვა 7. ბრაზილია რომ არ იყო საჩემპიონო ნაკრები, ეს წინა მატჩებშიც იგრძნობოდა. ისეთ ბრაზილიას რა ვუთხარით, შინ ნახევარფინალში ფავორიტი რომ არ იქნება, მაგრამ ეს რაც მოხდა, ნამეტანი იყო. გერმანიას კი ქება და ქება ეკუთვნის. პარადოქსია, რომ ყველა გოლი თითქმის მეკარის ბაქანიდან გაიტანეს. ეზოს ფეხბურთს დაემსგავსა, "მეც გამატანინე"-ს ძახილით რომ იკლებენ ბავშვები თანაგუნდელებს. ტომას მიულერმა ამ მუნდიალზე მეხუთე გოლი გაიტანა და რბევა მან დაიწყო. გააგრძელა მიროსლავ კლოზემ ისტორიული გოლით – ეს მისი მე-16 გოლი იყო მუნდიალზე და გადაუსწრო ბრაზილიელ რონალდოს. როგორ არ გაგახსენდებოდა ეს კაცი, რა ნაღვლიანად მიჰყავდა რეპორტაჟი კომენტატორის კაბინიდან. 12 წლის წინ მისი დუბლით ფინალი მოუგო ბრაზილიამ გერმანიას, ახლა კი რონალდო იჯდა და ბერნარდისა და ფრედის თამაშს აფასებდა... 0:2 კიდევ არ იყო კატასტროფა, მაგრამ კატასტროფა გრძელდებოდა ბრაზილიელთა დაცვაში და ტონი კროოსმა წუთნახევარში ორი გოლი გაიტანა, რასაც სამი ხედირამაც დაამატა და 29-ე წუთზე 0:5! მეორე ტაიმი დაიწყო იმით, რომ მანუელ ნოიერმა ჯერ ოსკარს, მერე კი პაულინიოს (ორჯერ) აუღო. პრესტიჟის გოლი ბოლო წუთზე გავიდა, როცა ოსკარმა, როგორც იქნა, გაიტანა. მანამდე კი შეცვლაზე შესული ანდრე შიურლე ბობოქრობდა, ორი გოლი გაიტანა და აქედან მეორე იყო ძალიან ლამაზი – ძლიერი დარტყმის შემდეგ, ხარიხიდან ასხლეტით რომ შევარდა კარში. გერმანია წინა ორ მუნდიალზე ნახევარფინალში ვარდებოდა, ახლა კი ეს ეტაპი იოლად გადალახა. გერმანია მერვედ გავიდა ფინალში: გასული შვიდიდან 3 მოიგო და 4 წააგო. ეს სულ სხვა გასვლაა – 7:1 ბრაზილიაში, მასპინძლებთან. ყველაზე ტკბილ სიზმარშიც კი ძნელი წარმოსადგენი იყო.
9 ივლისი. 00:00. ბელუ-ორიზონტი. "მინეირაო". ბრაზილია – გერმანია 1:7 (0:5) ბრაზილია: ჟულიო სეზარი, მაიკონი, დავიდ ლუიზი, დანტე, მარსელო, ლუის გუსტავო, ფერნანდინიო (პაულინიო 46), ბერნარდი, ოსკარი, ჰალკი (რამირესი 46), ფრედი (ვილიანი 70). მწვრთნელი: ლუიშ ფელიპე სკოლარი გერმანია: ნოიერი, ლამი, ჰუმელსი (მერტესაკერი 46), ბოატენგი, ჰიოვედესი, ხედირა (დრაქსლერი 76), შვაინშტაიგერი, კროოსი, იოზილი, მიულერი, კლოზე (შიურლე 58). მწვრთნელი: იოაჰიმ ლიოვი. გოლები: 0:1 მიულერი (10), 0;2 კლოზე (23), 0:3, 0:4 კროოსი (25, 26), 0:5 ხედირა (29), 0:6, 0:7 შიურლე (69, 79), 1:7 ოსკარი (90) გაფრთხილება: დანტე (68) ბურთის ფლობა %: 51-49, კარში დარტყმა: 18 (13) - 18 (14), ჯარიმები: 11-14, თამაშგარე: 3-0, კუთხური: 7-5
მსაჯი: მარკო როდრიგესი (მექსიკა) |
|
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია