|
“არგენტინა, არგენტინა”
2014-07-10 10:06 | ნახვები: 3374
1234567891011121314
არგენტინული ოცნება 24 წლის შემდეგ ახდა. 1990 წლის შემდეგ, ამ ქვეყნის ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებში არაერთი თაობა გამოიცვალა, მაღალი დონის ოსტატები არასოდეს აკლდა, მაგრამ წარმატებას ალეხანდრო საბელიას გაწვრთნილებმა მიაღწიეს. სან-პაულუში ჩატარებულ მატჩამდე, მსოფლიო ჩემპიონატებზე ჰოლანდიელები და არგენტინელები სამჯერ შეხვედროდნენ ერთმნეთს. 1974 წელს გერმანიაში ჩატარებულ მსოფლიო პირველობაზე ჰოლანდიელებმა იმარჯვეს, 4 წლის შემდეგ, არგენტინაში ტურნირის მასპინძელმა მეტოქე ფინალში დაამარცხა, 1998 წელს საფრანგეთში ისევ ჰოლანდიელებმა იმარჯვეს. ამჯერად, ძირითადი და დამატებითი დრო უგოლოდ დასრულდა, რაც მანამდე არასოდეს მომხდარა და გამარჯვებულის გამოსავლენად პენალტების სერია დაინიშნა. კოსტა-რიკასთან ჩატარებული 1/4-ფინალისგან განსხვავებით, ჰოლანდიელთა მთავარმა მწვრთნელმა ლუის ვან გაალმა მეკარე სილესენი აღარ შეცვალა კრულით და შესაძლოა, ახლა ნანობს კიდეც. სამაგიეროდ, არგენტინელთა კარის დარაჯმა სერხიო რომერომ იყოჩაღა და 2 პენალტი მოიგერია. ბედის ირონიაა, მაგრამ ჰოლანდიელთა რიგებში მეორე თერთმეტმეტრიანი სნეიდერმა ვერ გაიტანა, რომელიც გუნდში სტანდარტული სიტუაციების მთავარ შემსრულებლად ითვლება. არგენტინელებს დი მარიას არყოფნა აშკარად ეტყობოდათ. თამაში ძალიან ჩაკეტილილი იყო და მესიმაც ვერ გაიბრწყინა. თუ არ ჩავთვლით მეტ-ნაკლებად სახიფათოდ შესრულებულ საჯარიმო დარტყმას და იგუაინისთვის გაკეთებულ სახიფათო პასს. საერთოდ, არაა საჭირო მისი მუდმივად მარადონასთან შედარება. მარადონა მართლაც განუმეორებელი იყო და მესიმ მსოფლიო ჩემპიონობაც რომ მოიგოს დონ დიეგოს ვერ გაუტოლდება, ფაქტია, ის რაც მარადონამ 1986 და 1990 წლების ჩემპიონატებზე გააკეთა, მესიმ ეს ჯერ ვერ შეძლო. თუმცა, საცოდაობა იქნებოდა, რომ ამ მართლაც საუცხოო ფეხბურთელს კარიერა ისე დაემთავრებინა, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში არ ეთამაშა. ამრიგად, წმინდა ევროპული ფინალი არ შედგა და 24 წლის შემდეგ, ერთმანეთს კვლავ არგენტინა და გერმანია დაუპირისპირდებიან, ოღონდ “მარაკანაზე”. არგენტინელებს დღემდე მიაჩნიათ, რომ იტალიის მსოფლიო ჩემპიონატზე მათ კარში პენალტი უსამართლოდ დაინიშა, რომელმაც საბოლოდ მატჩის ბედი გადაწყვიტა. მაშინ, გერმანელებმა მოწინააღმდეგე 1:0 დაამარცხეს. ცხადია, ბუნდესნაკრების ქომაგები სხვაგვარად თვლიან. ისე, როდესაც გუნდს ასეთი მხარდაჭერები ჰყავს, როგორც არგენტინას, ფინალში თამაში ალალი იყოს. არა მგონი სხვა ქვეყნის გულშემატკივარმა მსგავსი რამ გააკეთოს. სხვა ქვეყანაში ჩახვიდე, ავტომანქანაში ან პლაჟზე კარავში იცხოვრო, საჭმელი საგანგებოდ ჩატანილ გაზის ქურებზე აკეთო, ტანსაცმელი “ფიფა ფან ფესტის” მესერზე აშრო და ეს ყველაფერი შენი ქვეყნის საფეხბურთო ნაკრებისთვის გააკეთო. არგენტინელები თამაშამდე რამდენიმე საათით ადრე უკვე ქუჩაში ასხამდნენ ჭიქებში ღვინოს და ლუდიც ბლომად მოემარაგებინათ. ცხადია, “ფიფა ფან ფესტი” გაავსეს და თამაშამდე ბევრი იმღერეს. გუნდისთვის მხარდაჭერა არც შეხვედრის მსვლელობისას დაუკლიათ და პენალტების სერიისას ბევრი ინერვიულეს. საბოლოოდ, ერთად გაიხარეს და ქუჩებსაც სიმღერით მოედვნენ. ასეთი რამ კი, მანამდე არ მინახავს. რამდენიმე არგენტინელმა “ფიფა ფან ფესტი” მუხლებზე დაჩოქილებმა გაიარეს. მანძილი ცოტა ნამდვილად არ ჰქონდათ გასავლელი. დაახლოებით 600-700 მეტრი ქვიშაში. ჩანს, არგენტინის ნაკრების ფინალში გასვლისთვის “საფეხბურთო ღმერთს” მადლობა ასე შესწირეს. საღამო ისე როგორ ჩაივლიდა არგენტინელებს ტრადიციული სიმღერა არ დაეგუგუნებინათ, რომლის არსიც ისაა, რომ მარადონა პელეზე დიდი ფეხბურთელია. სხვათა შორის, ბრაზილიელებსაც აქვთ მსგავსი სიმღერა, რომელშიც პელეა უპირატესი. ლაშა თაბაგარიworldsport.ge-ს სპეციალური კორესპონდენტი რიო დე ჟანეიროდან
ტეგები:
მუნდიალი 2014 |
|
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია