|
ბრაზილია – პრესტიჟისთვის და რევანშისთვის
2014-07-12 13:35 | ნახვები: 3337
1234
ლეგენდარული გარინჩას სახელობის ბრაზილიის ნაციონალურ არენაზე, მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლები გათამაშდება. ტურნირის მასპინძელი ბრაზილიელები ჰოლანდიის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდებიან და შელახული რეპუტაციის აღდგენას ეცდებიან. მთელი მსოფლიო საუბრობს იმაზე, თუ როგორი კატასტროფული მარცხი იწვნია ლუიშ ფელიპე სკოლარის გუნდმა გერმანიის ნაკრებთან. 1/2-ფინალურ მატჩში, “სელესაომ” 1:7 წააგო, რაც მის ისტორიაში ყველაზე დიდი და სამარცხვინო მარცხია. გამოვიდნენ თუ არა ბრაზილიელები შოკური მდგომარეობიდან, ძნელი სათქმელია, მაგრამ ცხადია, ბრინჯაოსთვის შეუპოვრად იბრძოლებენ. ჰოლანდიელები ტურნირის მე-3 ადგილოსნის გამოსარკვევ შეხვედრას შედარებით გადაღლილები ხვდებიან. ლუის ვან გალის გუნდმა უკანასკნელ ორ მატჩში 120-120 წუთი ითამაშა და პენალტების სერიაშიც გვარიანად ინერვიულა. დაღლილობის მიუხედავად, “ნარინჯისფერებს” საბრძოლო განწყობა აქვთ და გერმანიისგან განადგურებული ბრაზილიელების კიდევ ერთხელ დასამარცხებლად ემზადებიან. ბრაზილიისა და ჰოლანდიის ეროვნული ნაკრებები ერთმანეთისთვის საკმაოდ ნაცნობი მეტოქეები არიან. მათი ისტორია 9 მატჩს ითვლის, რომელთაგანაც ბრაზილიის ნაკრებმა 3 მოიგო, 4 ფრედ დაასრულა, 2 კი, დათმო. შეიძლება ითქვას, “სელესაოსთვის” ჰოლანდიის ეროვნული გუნდი საკმაოდ უსიამოვნო მეტოქეა. ბრაზილიელთათვის ძალზე არასასიამოვნო გასახსენებელია უკანასკნელი – მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატი, სადაც ჰოლანდიელებმა მსოფლიოს 5-გზის ჩემპიონები 1/4-ფინალიდან შინ გაისტუმრეს. რობინიოს გოლს უესლი სნეიდერმა დუბლით უპასუხა და “ნარინჯისფერებს” 2:1 მოაგებინა. ამგვარად, გერმანიასთან მატჩის შემდეგ პრესტიჟის აღდგენასთან ერთად, ბრაზილიელებს ჰოლანდიელებთან რევანშიც მართებთ. მოახლოებულ მატჩს ბრაზილიელები ერთადერთი და ყველაზე დიდი დანაკლისით ხვდებიან – სკოლარის გუნდი კვლავ ნეიმარის გარეშე ითამაშებს. ბრაზილიელთა ტრავმირებულმა ვარსკვლავმა პრესკონფერენცია ჩაატარა ვერც ცრემლები დამალა, მაგრამ იქვე დასძინა, რომ კოლუმბიელ კამილო სუნიგაზე ნაწყენი არაა. “სელესაოს” ბანაკში სასიხარულო ინფორმაცია ისაა, რომ გუნდის კაპიტანმა ტიაგო სილვამ დისკვალიფიკაცია მოიხადა და ჰოლანდიელთა წინააღმდეგ თამაშს შეძლებს. გერმანიის ნაკრებთან წარუმატებელი თამაშის მიუხედავად, დიდია ალბათობა იმისა, რომ სკოლარიმ სასტარტო შემადგენლობაში კვლავ ჰალკი, ფრედი და მაიკონი დააყენოს. ჰოლანდიელები ბრაზილიურ მუნდიალზე თავიანთ უკანასკნელ მატჩს ლეროი ფერის გარეშე ჩაატარებენ. ნახევარმცველს ტრავმა აწუხებს და ლუის ვან გალს მისი იმედი არ უნდა ჰქონდეს. ევროპელი ჟურნალისტები ელიან, რომ არგენტინასთან წარუმატებლად ჩატარებული 45 წუთის შემდეგ, ვან გალი სასტარტო შემადგენლობიდან ბრუნო მარტინს ინდის სათადარიგოთა სკამზე გადასვამს. მცირე ტკივილი აწუხებს მცველ რონ ვლარს და არაა გამორიცხული, სასტარტო შემადგენლობაში ვერ მოხვდეს. ცნობისათვის, ბრაზილიისა და ჰოლანდიის ნაკრებთა დაპირისპირება შაბათს, თბილისის დროით 23:50-ზე დაიწყება. 12 ივლისი. ბრაზილია. “მანე გარინჩა”. ბრაზილია – ჰოლანდია სავარაუდო შემადგენლობები: ბრაზილია:ჟულიუ სეზარი, მარსელო, დავიდ ლუისი, ტიაგო სილვა, მაიკონი, ლუის გუსტავო, ფერნანდინიო, ბერნარდი, ოსკარი, ჰალკი, ფრედი. მწვრთნელი:ლუიშ ფელიპე სკოლარი ჰოლანდია:ვორმი, ვრაი, ველტმანი, ბლინდი, იანმაატი, ვაინალდუმი, კუიტი, კლასი, სნეიდერი, რობენი, ვან პერსი. მწვრთნელი:ლუის ვან გალი მთავარი არბიტრი:ჯამელ ხაიმუდი (ალჟირი) |
|
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია