|
“ვარსკვლავთცვენა” “მარაკანაზე”
2014-07-12 20:58 | ნახვები: 9457
123456789101112131415161718192021222324252627282930313233343536
მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატის ფინალამდე ერთი დღით ადრე, “მარაკანა” ესტრადის “ვარსკვლავებმა” დააფასეს. ფინალამდე, ფიფასა და ჩემპიონატის ადგილობრივი საორგანიზაციო კომიტეტის ორგანიზებით, ბრაზილია -2014-ის დახურვის საზეიმო ცერემონიალი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას შაკირა, კარლოს სანტანა, ჯინ ვიკლიფი, კარლინოს ბრაუნი, ალეშანდრე პირესი და ივეტე სანგალო მიიღებენ. პარასკევ დილას, “მარაკანას” საპრესკონფერენციო დარბაზში ისინი ჟურნალისტებს შეხვდნენ. ბრიფინგი ბრაზილიის დროით 10:30 საათზე იყო დაგეგმილი. თუმცა, “ვარსკვლავები” რის “ვარსკვლავები” არიან რომ არ დაიგვიანონ და პრესკონფერენციაც ნახევარი საათით გვიან დაიწყო. დარბაზში ყველაზე გვიან შაკირა შემოვიდა, რომელიც სხვებთან შედარებით ყურადღების ცენტრში მეტად მოექცა. პრესკონფერენციის დაწყებამდე გაუშვეს კლიპი, რომელიც ჩემპიონატის დახურვას მიეძღვნა. ის ბრაზილიური “ფაველას” ფონზეა გადაღებული და იქ მაცხოვრებელ ფეხბურთის პატარა გულშემატკივარზე მოგვითხრობს. ესტრადის “ვარსკვლავები” სხვადასხვა თემებს შეეხნენ. ბრაზილიელებმა ბრაუნმა, ვიკლიფმა, პირესმა და სანგალომ მათ ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე, მსოფლიო ჩემპიონატის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. კოლუმბიელმა შაკირამ აღნიშნა, რომ ბრაზილიას მეორე სამშობლოდ მიიჩნევს და ფეხბურთმა მისი ცხოვრება შეცვალა. მექსიკელი სანტანა ზოგად საკაცობრიო საკითხებს შეეხო, ნელსონ მანდელა და დესმონდ ტუტუ გაიხსენა. საერთო ჯამში, მუსიკოსები სერიოზულ თემებსსაც შეეხნენ და არც ხუმრობა დავიწყნიათ. პრესკონფერენციის მერე, ვარსკვლავები “მარაკანას” მოედანზე გავიდნენ, სადაც ფოტოსესია გაიმართა ჩემპიონატის თიკუნ “ფულეკუსთან” ერთად. ფინალი ბრაზილიის დროით 16:00 საათზე იწყება, ხოლო დახურვის საზეიმო ცერემონიალი სტარტს 14:20 საათზე აიღებს. ლაშა თაბაგარი worldsport.ge-ს სპეციალური კორესპონდენტი რიო დე ჟანეიროდან
|
|
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია