ბრაზილიური მედიის ინფორმაციით, "სელესაოს" მთავარი მწვრთნელი ლუიშ ფელიპე სკოლარი დაკავებული თანამდებობიდან გაანთავისუფლეს. სამხრეთ ამერიკული მედიის ცნობით, ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციის ოფიციალური ვებ-გვერდი აღნიშნულ ინფორმაციას მალე დაადასტურებს.
ძნელი წარმოსადგენი არც გახლდათ, რომ სკოლარის პოსტს დაატოვებინებდნენ.. ტურნირის მასპინძელმა ბრაზილიამ, მესამე ადგილისთვის ბრძოლაში "ნარინჯისფერების" წინააღმდეგ ვერაფერი გააწყო და 0:3 წააგო. მანმადე კი გერმანიის წინააღმდეგ ნახევარფინალური მატჩში კატასტროფული შედეგით - 1:7 დამარცხდა. იმის გათვალისწინებით, რომ სკოლარის დამოძღვრილმა ნაკრებმა ბოლო ორ მატჩში 10 გოლი გაუშვა, მის განთავისუფლებას წინ არაფერი ედგა.
ლუიშ ფელიპე სკოლარის წინამძღოლობით, ბრაზილიამ 2013 წლიდან 29 მატჩი ჩაატარა, აქედან 19-ში იმარჯვა, 6 ფრედ დაასრულა, ხოლო 4 შეხვედრაში მარცხი განიცადა. 2002 წელს "სელესაომ" სკოლარის ხელმძღვანელობით, ფინალში გერმანიის დამარცხებით (2:0) მსოფლიო ჩემპიონობა მეხუთედ მოიპოვა, თუმცა 2014 წელს, შინაურ კედლებში ბრაზილიელ სპეციალისტს წარუმატებლობა არ აპატიეს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია