გერმანიის ეროვნული ნაკრების შემტევმა ნახევარმცველმა მარიო გიოტცემ, 2014 წლის მუნდიალის ფინალის დამატებით დროში ერთადერთი გოლი გაიტანა და ევროპელები სამხრეთ ამერიკაში მსოფლიო ჩემპიონები პირველად გახადა. მატჩის შემდეგ, 22 წლის ფეხბურთელმა განაცხადა, რომ გუნდმა ენით აღუწერელ გამარჯვებას მიაღწია.
"წარმოუდგენელია, გუნდთან და ქვეყანასთან ერთად წარმატებას ვზეიმობთ. ისეთ ეიფორიაში ვიყავი ძლივს გავათვითცნობიერე, რომ გოლი გავიტანე. შურლემ ძალიან კარგი პასი მომცა და მეც შევეცადე კონცენტრაცია არ დამეკარგა. ტურნირი მაღალ დონეზე ჩავატარეთ. ჩემ ოჯახს და მეგობრებს ყოველთვის სჯეროდათ ჩემი და ენით აღუწერელ გამარჯვებას მივაღწიეთ. იურგენ კლინსმანმა გუნდის წარმატებას საფუძველი ჩაუყარა და ლიოვმა წარმატებით დაასრულა. წლიდან წლამდე თამაშს ვაუმჯობესებდით და ოცნება რეალობად ვაქციეთ. ჩვენ ძალიან ვამაყობთ, რომ ბრაზილიაში მსოფლიო ჩემპიონები გავხდით, პირველი ევროპელები, რომლებმა სამხრეთ ამერიკაში მუნდიალი მოიგეს." _ განაცხადა გიოტცემ მატჩის შემდეგ.
გასაკვირი არც გახლდათ, რომ მუნდიალის ფინალის საუკეთესო ფეხბურთელი მარიო გიოტცე გახდა. გერმანელმა მატჩის საუკეთესო მოთამაშის ტიტული მეორედ მოიპოვა. პირველად, 22 წლის ფეხბურთელმა აღნიშნული წოდება, განის წინააღმდეგ შეხვედრაში დაიმსახურა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია