|
პლეი-ოფისთვის პარიზში
2016-06-15 09:12 | ნახვები: 6702
12345678910111213141516
დღეს ევროპის ჩემპიონატზე მეორე ტური აიღებს სტარტს. A ჯგუფში “პარკ დე პრენსზე” რუმინეთის ნაკრები შვეიცარიას დაუპირისპირდება. აღნიშნულ მატჩს ორივე გუნდისთვის დიდი დატვირთვა გააჩნია, განსაკუთრებით, რუმინეთისთვის, რადგან პირველი ტურის მერე უქულოდაა და შესაბამისად თუ ჯგუფიდან გასვლა უნდა, დღეს მოედნაზე მინიმუმ ქულისთვის მაინც უნდა გავიდეს. ამისდა მიუხედავად, არც შვეიცარიის ნაკრებს აქვს თავი ქუდში – ვლადიმირ პეტკოვიჩის გუნდს ხომ ბოლო ტურში მასპინძელ საფრანგეთთან ელის თამაში და შესაბამისად, იქ გარანტირებული არაფერი ექნება, რუმინეთი კი მისი კალიბრისაა. ვლახებს სხვათა შორის პირველ ტურში ურიგო შთაბეჭდილება არ დაუტოვებიათ და მასპინძელ ფრანგებთან საკმაოდ გამართული ფეხბურთი აჩვენეს. ერთი ეგაა, ბოლომდე ვერ შეინარჩუნეს სასურველი ანგარიში და საბოლოოდ უქულოდ დარჩნენ. მოგეხსენებათ, ევრო 2016-ის გახსნით შეხვედრაში რუმინელებს ქულა ხელიდან ბოლოსწინა წუთზე დიმიტრი პაიემ დიდებული გოლით გამოგლიჯა. შვეიცარიის ნაკრებმა კი, მინიმალური ანგარიშით ალბანეთს მოუგო. მიუხედავად იმისა, რომ პეტკოვიჩის შეგირდებს ბევრი მომენტი ჰქონდათ, არც ალბანეთი იყო გულხელდაკრეფილი და თავისუფლად შეიძლებოდა ის მატჩი შვეიცარიას ვერ მოეგო. განსაკუთრებით, ამ ნაკრებს დაცვის ცენტრში უჭირს, საიდანაც ალბანელებმა საკმაო პრობლემები შეუქმნეს. რაც შეეხება დღევანდელ თამაშს – ორივე გუნდი საბრძოლო შემადგენლობით გავა მოედანზე, რადგან არც ტრავმირებულია ვინმე და არც დისკვალიფიცირებული. სხვა საკითხია, ენდობიან თუ არა პეტკოვიჩი და იორდანეკსუ იგივე 11 ფეხბურთელს, რომლებიც პირველ ტურში იყვნენ სასტარტო შემადგენლობაში. აქამდე რუმინეთისა და შვეიცარიის ნაკრებები ერთმანეთს 12-ჯერ დაუპირისპირდნენ და სრული თანაფარდობაა: 5-5 მოგება, 2 ფრე. აქედან 10 მატჩი იყო ოფიციალური და აქაც ერთნაირი შედეგი აქვთ 4 მოგება-წაგება, 2 ფრე. აღსანიშნავია, რომ შვეიცარიამ რუმინეთს მსოფლიოს 1994 წლის ჩემპიონატზე მწარე მარცხი აგემა 4:1 და შესაბამისად ახლა ვლახებს რევანშის ჩინებული შესაძლებლობა მიეცემათ. რუმინეთისა და შვეიცარიის ნაკრებების ბოლო 5-5 მატჩს თუ მივიღებთ მხვედველობაში, განსაკუთრებულს ვერაფერს აღმოვაჩენთ – იორდანესკუს გუნდმა ხსენებული ხუთი შეხვედრიდან ოდენ ერთხელ მოიგო (საქართველოსთან), 2 მატჩი ფრედ დაასრულა, ხოლო ორჯერაც დამარცხდა. ოდნავ უკეთესი მაჩვენებელი აქვს შვეიცარიას – პეტკოვიჩის კრებულმა ზედიზედ ორი თამაში მოიგო, მანამდე კი, მიჯრით სამჯერ დამარცხებულა. ანგელ იორდანესკუ (რუმინეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი): “ცალსახაა დღევანდელი თამაში უმნიშვნელოვანისია ჩვენთვის და მთლიანად რუმინული ფეხბურთისთვის. საფრანგეთთან თამაშის პირველი ფიზიკური კონდიციების აღდგენა იყო საჭირო. ჩვენ საბრძოლველად მზად ვართ. ფრანგებთან კარგი თამაში ჩავატარეთ, არ გვქონია ბევრი მომენტი, მაგრამ ახლოს ვიყავით ფრესთან. ახლა, ვეთამაშებით ძალიან კარგ გუნდს, მაგრამ ჩვენი მიზანი გამარჯვებაა. უნდა ვიყოთ რეალისტები და გვესმოდეს, რომ ურთულესი შეხვედრა იქნება. მათი 23 ფეხბურთელი თამაშობს ევროპის წამყვან საფეხბურთო ლიგებში, განსაკუთრებით, ბუნდესლიგაში. თუმცა, ჩვენს ამოცანად პლეი-ოფში გასვლა რჩება”. ვლადიმირ პეტკოვიჩი (შვეიცარიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი): “რუმინეთი ახლოს იყო პირველ ტურში საფრანგეთთან დადებით შედეგთან. შესაბამისად, ჩვენ მათ წინააღმდეგ იმაზე უკეთ თამაში გვმართებს, ვიდრე ეს ალბანეთთან იყო. რუმინელებმა გასულ პარასკევს გამაკვირვეს, მთელი თამაში გუნდურად მოქმედებდნენ. ვნახოთ, ამჯერად იგივე სტილში თუ შეძლებენ თამაშს. შვეიცარიას შანსი აქვს ევროპის ჩემპიონატზე ორი თამაში პირველად მოიგოს და ძალიან გვინდა ისტორიაში შევიდეთ”. სავარაუდო შემადგენლობები: რუმინეთი – შვეიცარია პარიზი, “პარკ დე პრენსი” 15 ივნისი, 20:00 საათი რუმინეთი (4-2-3-1): ტატარუშანუ; საპუნარუ, ჩირიკეში, გრიგორე, რაცი; პინცილი, ჰობანი; ტორჟე, სტანჩუ, სტანკუ; კეშერუ მწვრთნელი: ანგელ იორდანესკუ შვეიცარია (4-3-3): სომერი; ლიხშტაინერი, შარი, ჯურუ, როდრიგესი; ბეჰრამი, დზემაილი, ჯაკა; შაქირი, სეფეროვიჩი, მეჰმედი მწვრთნელი: ვლადიმირ პეტკოვიჩი მსაჯი: ნიკოლა გოლუბევი (რუსეთი) |
|
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია