Geo | Eng | Rus
სარეკლამო ადგილი - 3
570 x 120
ფინალი: ისტორიის გამეორება, ან ისტორიის გადაწერა
2016-07-10 10:26 | ნახვები: 5195
123456
სარეკლამო ადგილი - 10
710 x 106

ერთი მატჩიც და ევრო-2016 ხელს დაგვიქნევს. მერე ისევ გვექნება ნოსტალგიის გრძნობა, მოგვენატრება დიდი ფეხბურთი, მაგრამ ეს ერთი ისეთი მატჩია დარჩენილი, ყველაფერს რომ წყვეტს - ფინალი.

პარიზის "სენ დენი": ან საფრანგეთი მესამედ გახდება ევროპის ჩემპიონი, ან პორტუგალია პირველად მოიპოვებს ამ ტიტულს. პორტუგალიამ ერთხელ უკვე გაუშვა ხელიდან უნიკალური შანსი, 2004 წელს ლისაბონში საბერძნეთთან წააგო ევროფინალი და მაშინდელი ნაკრებიდან დღესაც თამაშობენ კრიშტიანუ რონალდუ და რიკარდო კარვალიო.

საფრანგეთმა კი, 1938 წელს მუნდიალი და 1960 წელს ევროპის ჩემპიონატი ვერა, მაგრამ 1984 წელს ევროპა და 1998-ში მუნდიალი მოიგო. ამ ოთხივე ფორუმს საფრანგეთმა უმასპინძლა, ეს მეხუთეა და ვნახოთ, კიდევ ასწევს თუ არა თასს.

პორტუგალიას დაუბრუნდება მცველი პეპე, რომელმაც გერმანიასთან ნახევარფინალი ტრავმის გამო გამოტოვა. პეპე საერთო ჯგუფში ვარჯიშობს და მზადაა სათამაშოდ. რამხელა ძალას წარმოადგენს, ამაზე ლაპარაკი შორს წაგვიყვანს, თუმცა უელსთან ბრუნო ალვეშმა მშვენივრად შეცვალა. უელსი უელსია, ფინალში საფრანგეთთან კი პეპე ჰაერივით საჭიროა.

სხვა მხრივ ძალიან საკვირველი იქნება, რომ ფერნანდუ სანტუშმა ძირითადი თერთმეტეული შეცვალოს (პეპე-ბრუნო ალვეშის გარდა).

დიდიე დეშამმაც მიაგნო ოპტიმალურ შემადგენლობას. სისოკოს ბევრი სკეპტიკურად უყურებდა, მაგრამ მან მშვენივრად ითამაშა ისლანდიასთან და განსაკუთრებით კი, გერმანიასთან. ალბათ, კვლავაც სათადარიგოებში დარჩება ნგოლო კანტე. დაცვაშიც, დეშამმა უმტიტს გამოუცხადა ნდობა და ადილ რამი სკამზე გადასვა.

გოლუხვი საფრანგეთი და მელასავით პორტუგალია

ფინალამდე საფრანგეთმა 5 მატჩი მოიგო და ერთი ფრედ დაასრულა. ისიც ისეთი ფრე, დიდად რომ გული არ დასწყვეტია - შვეიცარისთან ჯგუფის ბოლო ტურში 0:0 და მაინც გავიდა პირველ ადგილზე. ბურთების შეფარდება: 13:4.

ფრანგებმა პირველი ოთხი მატჩი ისე ჩაატარეს, პირველ ტაიმში გოლი არ გაუტანიათ.

საფრანგეთი ყველაზე შედეგიანი ნაკრებია ამ ევროპაზე და საუკეთესო ბომბარდირიც მათი შემტევი ანტუან გრიზმანია 6 გოლით.

პორტუგალიამ განვლილი 6 მატჩიდან 2 მოიგო და 4 ფრედ დაასრულა. ლუზიტანელები ფინალში ისე გავიდნენ, ძირითად დროში მხოლოდ ერთხელ იმარჯვეს (უელსთან 2:0). ერთხელ დამატებით დროში იმარჯვეს, ერთხელაც პენალტებით.

პორტუგალია ტიპიური მაგალითია, თუ როგორ უნდა გაძვრე ფინალში. ჯგუფში სამი ფრე, შემდეგაც არადამაჯერებელი გამარჯვებები. ბურთების შეფარდება 8:5. ამ რვიდან სამ-სამი კრიშტიანუ რონალდუმ და ნანიმ გაიტანეს.

ორი შვიდიანი

ორივე გუნდის საუკეთესო ფეხბურთელი 7 ნომერია. ისინი ერთმანეთს ხშირად უპირისპირდებიან ესპანურ პრიმერაში, სამეფო თასზევდა ჩემპიონთა ლიგაშიც.

რა თქმა უნდა, კრიშტიანუ რონალდუ უფრო დიდი ფეხბურთელია, ვიდრე ანტუან გრიზმანი, თუმცა ფრანგი ამ ევროპაზე არანაკლებ თამაშს აჩვენებს და სწორედ ის გახლავთ საუკეთესო ბომბარდირი და მეტიც, ისაა ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელობის N 1 პრეტენდენტი.

რონალდუსა და გრიზმანს შორის ასაკში სხვაობა 6 წელია (31-25). საინტერესოა, რომ გრიზმანის დედა პორტუგალიელი გახლავთ - იზაბელ ლოპესი. ამაზე "მსოფლიოს სპორტს" გუშინაც ეწერა.

ერთი რამ ცხადია: პორტუგალია ევროპის ჩემპიონი რომ გახდეს, რონალდუს მეოთხე ოქროს ბურთს ვეღარავინ შეეცილება.

მართალია, ამ ევროპის ჩემპიონატზე ნათლად ჩანს გუნდური ფეხბურთის ზეიმი, მაგრამ ინდივიდუალისტები ჯერაც არიან შემორჩენილნი. ასეთები არიან რონალდუ და გრიზმანი.

კლატენბურგის მეორე დიდი ფინალი

ფინალს ინგლისელი მარკ კლატენბურგი იმსაჯებს. ამ ევროპაზე სამ თამაშს გაუძღვა: იტალია-ბელგია, ჩეხეთი-ხორვატია, პოლონეთი-შვეიცარია.

კლატენბურგი წლეულს განსაკუთრებით დაფასდა, სწორედ მან იმსაჯა ჩემპიონთა ლიგის ფინალი "რეალსა" და "ატლეტიკოს" შორის.

საფრანგეთის ნაკრების თამაში აქამდე ერთხელ უმსაჯია: 2006 წელს "მამლებმა" უკრაინას 4:1 სძლიეს. პორტუგალიისა კი, ორჯერ: 2010 წელს კვიპროსთან 4:4 (შესარჩევი), 2014 წელს დანიასთან 1:0 (შესარჩევი).

ურთიერთშეხვედრები: "მამლების" ათიდან ათი

სტატისტიკა პორტუგალიელებს კარგს ვერაფერს ეუბნება.

24 მატჩიდან 18 საფრანგეთმა მოიგო, 5 პორტუგალიამ, ხოლო 1 ფრედ დასრულდა. აქ ითვლება დამატებით დროში მოგებებიც. ბურთების შეფარდება 49:28.

პორტუგალიამ ბოლოს 1975 წელს სძლია "მამლებს": სტუმრად ამხანაგურში 2:0. მას შემდეგ 10-ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს და ათივეჯერ ფრანგებმა იმარჯვეს.

ბოლოს შარშან 4 სექტემბერს, ლისაბონში. ამხანაგური მატჩი იყო და ფრანგებმა 1:0 იმარჯვეს მატიე ვალბუენას მიერ 85-ე წუთზე გატანილით.

დიდ ტურნირებზე სამჯერ შეხვედრიან ერთმანეთს, სამივეჯერ ნახევარფინალში და სამივეჯერ ფრანგები გავიდნენ.

1984: ევროპის ნახევარფინალი. მარსელი

საფრანგეთი-პორტუგალია 3:2 (1:1, დამატებით დროში 2:1)

გოლები: 1:0 დომერგი (23), 1:1 ჟორდაუ (74), 1:2 ჟორდაუ (98), 2:2 დომერგი (114), 3:2 პლატინი (119)

2000. ევროპის ნახევარფინალი. ბრიუსელი

საფრანგეთი-პორტუგალია 2:1 (1:1, დამატებით დროში 1:0)

გოლები: 0:1 ნუნუ გომეში (19), 1:1 ანრი (51), 2:1 ზიდანი (117 პენ)

2006. მუნდიალის ნახევარფინალი. მიუნხენი

საფრანგეთი-პორტუგალია 1:0

გოლი: 1:0 ზიდანი (32 პენ)

ამ სამიდან, ყველაზე ნაკლებად სანახაობრივი იყო 2006 წლის თამაში, აი, 1984 წელს კი ფეხბურთის მშვენება შედგა მარსელში. ვიდეო: https://www.youtube.com/watch?v=hfcl3UGIr78

დრამა ვიხილეთ 2000 წელსაც. პორტუგალია იგებდა, ფრანგებმა გაათანაბრეს და დამატებით დროში ლუზიტანელტა მცველ აბელ შავიერს საკუთარ კართან ხელზე მოხვდა ბურთი. პენალტი დაინიშნა, ზინედინ ზიდანმა გაიტანა და ფრანგები ფინალში გაიყვანა. ვიდეო: https://www.youtube.com/watch?v=BeHaPM91ZF4


10 ივლისი. 23:00. პარიზი. "სენ დენი"

საფრანგეთი-პორტუგალია

სავარაუდო შემადგენლობები

საფრანგეთი: ლორისი, სანია, უმტიტი, კოშელნი, ევრა, პოგბა, სისოკო, მატუიდი, გრიზმანი, პაიე, ჟირუ

მწვრთნელი: დიდიე დეშამი

პორტუგალია: რუი პატრისიუ, სედრიკი, პეპე, ფონტე, რაფაელი, ვილიამ კარვალიო, ჟოაო მარიო, მოუტინიუ, რენატო სანჩესი, ნანი, რონალდუ

მწვრთნელი: ფერნანდო სანტუში

მსაჯი: მარკ კლატენბურგი (ინგლისი)



Deprecated: mysql_connect(): The mysql extension is deprecated and will be removed in the future: use mysqli or PDO instead in /home/worldsport/web/worldcup.worldsport.ge/public_html/pages/wsComments.php on line 55

Warning: mysql_connect(): Access denied for user 'admin_worldsport'@'localhost' (using password: YES) in /home/worldsport/web/worldcup.worldsport.ge/public_html/pages/wsComments.php on line 55
Cannot access MySQL Host