Geo | Eng | Rus
სარეკლამო ადგილი - 3
570 x 120
ანტუან გრიზმანი ფესვების წინააღმდეგ - ფინალში დედის სამშობლოსთან
2016-07-08 18:11 | ნახვები: 4243
1234
სარეკლამო ადგილი - 10
710 x 106

ანტუანი ერთ-ერთი გავრცელებული ფრანგული სახელია, გრიზმანი კი - იშვიათი გვარი. უფრო სწორად, გრიზმანი ფრანგული კი არა, გერმანული გვარია. ამ გერმანული გვარის მქონე კაცმა კი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში ორი გოლი გაუტანა იოაჰიმ ლიოვის ნაკრებს და ფინალში გაიყვანა "მამლები".

ბედის ირონიაა, რომ გრიზმანს ფინალში პორტუგალიის წინააღმდეგ მოუწევს თამაში და საინტერესო ისაა, რომ დედა პორტუგალიელი ჰყავს - იზაბელ ლოპესი, ხოლო ბაბუა, ამარო ლოპესი, პორტუგალიურ "პასუშ ფერეირაში" თამაშობდა.

ბავშვობაში ანტუან გრიზმანი ხშირად სწორედ პორტუგალიაში ატარებდა არდადეგებს და სხვათა შორის, "პასუშ ფერეირას" ბავშვთა გუნდშიც ვარჯიშობდა.

პატარა ანტუან გრიზმანი ბურგუნდიის მხარეში, პატარა ქალაქ მაკონში დაიბადა, მაგრამ მისი ფესვები ელზასის პროვინციიდანაა და სწორედ იქიდან აქვს ფრანგული გვარი. ელზასის პროვინცია საფრანგეთის ჩრდილო-აღმოსავლეთითაა, ზედ გერმანიის საზღვართან.

უკვე ვთქვით, რომ ანტუან გრიზმანი პატარა ქალაქ მაკონში დაიბადა. მამამისმა, ყოფილმა ფეხბურთელმა ალენ გრიზმანმა რამდენჯერმე სცადა, რომ შვილი ძლიერ ფრანგულ აკადემიაში მიეყვანა, მაგრამ არსად არ მიიღეს: ანტუანი გამხდარი, გალეული ბავშვი იყო. დარჩა "მაკონის" ბავშვთა გუნდში, რომელიც სუსტი იყო.

13 წლის ანტუანმა "მაკონის" ბავშვთა გუნდში გაიბრწყინა, ტურნირზე პსჟ-ის, "ბორდოს", "ოსერისა" და სხვა ძლიერი გუნდების წინააღმდეგ მაგრად ითამაშა. იქ უცხოური კლუბებიც მონაწილეობდნენ. გალეული გრიზმანი ესპანურმა "რეალ-სოსიედადმა" წაიყვანა - ჯერ გასინჯეს, მოეწონათ, მაგრამ დაფიქრდნენ და ორი თვის შემდეგ კიდევ დაიბარეს. საბოლოოდ, დაიტოვეს აკადემიაში.

მოკლედ, ანტუან გრიზმანს ია-ვარდით მოფენილი საფეხბურთო ბავშვობა არ ჰქონია. ის საფრანგეთში თავიდან ვერ შეამჩნიეს, მაგრამ "რეალ-სოსიედადმა" ვარსკვლავი აჩუქა ევროპულ და მსოფლიო ფეხბურთს.

დღეს ეს კაცი ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირია 6 გოლით, არადა, ტიპიური ცენტრფორვარდი არაა. ამაზე მეტი მიღწევა რაღა უნდა იყოს. დიდებული სეზონი ჩემპიონთა ლიგის მოგებით ვერ დაასრულა, მაგრამ კარგი შანსი აქვს, რომ ევროპის ჩემპიონატი მოიგოს.

საამისოდ კი დედის სამშობლო უნდა დაამწუხროს.



Deprecated: mysql_connect(): The mysql extension is deprecated and will be removed in the future: use mysqli or PDO instead in /home/worldsport/web/worldcup.worldsport.ge/public_html/pages/wsComments.php on line 55

Warning: mysql_connect(): Access denied for user 'admin_worldsport'@'localhost' (using password: YES) in /home/worldsport/web/worldcup.worldsport.ge/public_html/pages/wsComments.php on line 55
Cannot access MySQL Host